„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა „კიკერთან” ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ აღნიშნა „აუგსბურგთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე.
„სასტუმროში ცხრის ნახევარზე დავბრუნდი და ჩანთა ამოვალაგე. ასეთ დროს ნომერში უნდა ახვიდე, რადგან ზეიმის სრულად შესაგრძნობად ჯერ ადრეა. ერთი ხნის შემდეგ, ჩემი ასისტენტები პეტერ ჰერმანი და ტონი ტაპალოვიჩი ლუდის გადასაკრავად წასულან. ვკითხე, მე რატომარ წამიყვანეთ, მეთქი. მიპასუხეს, ღვთის გულისათვის, შენ რომ ლუდხანაში გამოჩენილიყავი, ვინ მოგასვენებდა, ვახშამი არ შეგვერგებოდაო”, — მოყვა 72 წლის მწვრთნელმა.
ჰაინკესი „ბაიერნს” შარშან ოქტომბერში ჩაუდგა სათავეში. მან კარლო ანჩელოტი შეცვალა. იმ მომენტისთვის ბავარიელები ლიდერ „დორტმუნდს” ხუთი ქულით ჩამორჩებოდნენ.
ჰაინკესი: „უპირველეს ყოვლისა გუნდის კონსოლიდაცია იყო აუცილებელი. შობამდე ეს ძალიან გაძნელდა, რადგან ტრავმების გამო რიბერი და მიულერი გვაკლდნენ. თან, „დორტმუნდი” სეზონის დასაწყისში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა. შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა, რაც ჩემი მოთამაშეების დამსახურებაა. ახლებური დატვირთვით ამუშავება და ჩემ მიერ შეთავაზებული ცვლილებების მიღება ადვილი ნამდვილად არ გახლდათ. ბიჭებმა საოცარი დისციპლინა და მოტივაცია გამოავლინეს”.
აუგსბურგში გამარჯვების შემდეგ ჰაინკესმა „ბაიერნის” ფანების ტრიბუნისკენ სხვებზე წინ ვეტერანები, 34 წლის არიენ რობენი და 35 წლის ფრანკ რიბერი გაუშვა.
„ორივე ათ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენთან თამაშობს. ეს დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ფეხბურთელები კლუბებს წარამარა იცვლიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. თან, გასაოცარია ის დონე, რომელზეც ორივენი ამ წლების განმავლობაში თამაშობენ. მინდა აგრეთვე საგანგებო ქების სიტყვები ვთქვა 22 წლის ნიკლას შულეს შესახებ. რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნება და მდიდარი კლუბები მასზე ინადირებენ”.
შეძლებს „ბაიერნი” 2013 წლის მსგავსად „ტრიპლის” მოპოვებას? ჩემპიონი უკვე არის, ხოლო გერმანიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობს მონაწილეობას.
„მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავად ვიმეორებდი, რომ მთავარია მარტში, აპრილსა და მაისში ვიყოთ კარგ ფორმაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჯანმრთელად გვყავდეს. რამდენიმე დღის წინ ბიჭები შევკრიბე და ვუთხარი, რომ სწორედ ახლა გვჭირდება გუნდური სული. ეგოიზმი გამორიცხულია. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ მიზანს”.
და მაინც: „ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილი სენსაცია იქნება”, — ამბობს „რეკორდმაისტერის”თავკაცი.