სიდედრი სამჯერ რომ გესვრის, როგორია? უფრო სწორედ, ნასიდედრალი…

კიევის „დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილი მეკარე, 43 წლის ალექსანდრ შოვკოვსკი შარშია. მან სოციალურ ქსელებში ორი ვიდეო დაპოსტა — როგორ ესვრის ვიღაც ქალი აივნიდან ჯერ ქვებს და მერე ტყვიებს. ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინის ნაკრების ღირსება 92-ჯერ დაიცვა, განმარტავს, რომ ეს ქალი მისი ყოფილი სიდედრი ლუბოვ პავლოვნაა. იკითხავთ, ვინ რჯიდა, ნასიდედრალთან რატომ მივიდაო. შვილის, წამოყვანა სდომებია. შოვკოვსკის გიჟი ქალის ქალიშვილთან, ოლგა ალიონოვასთან გოგონა ჰყოლია. ცოლ-ქმარი ერთმანეთს 2015 წელს გასცილებია.

ხოლო ისტორია, რომელიც ვეტერანმა ფეისბუქზე ატვირთა ასეთია: ის ბავშვის წამოსაყვანად მივიდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო. შოვკოვსკიმ ცოტა ხანი აკაკუნა, მერე კი მოტრიალდა და მანქანისკენ წამოვიდა. ამ დროს, აივანზე სადაც ცოტა ხნის წინ გოლკიპერი იდგა და აკაკუნებდა, გამოვარდა ქალი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ყვირილს სხვადასხვა ნივთების სროლა მოჰყვა. ქალი შოვკოვსკისა და ვიდეოკამერიან ადამიანს (ალბათ, ვეტერანის ახლობელს) უყვიროდა იქიდან წათრეულიყვნენ.

ამის მერე ჩანს, რომ შოვკოვსკი კვლავ ჭიშკრისკენ მოდის, ქალი კი შინ ბრუნდება და ხელმეორედ გამოდის აივანზე, ამჯერად პისტოლეტით ხელში. ის კვლავ კივის და სამჯერ ესვრის ყოფილ ფეხბურთელს.

„სროლის ხმაზე მეზობლებიც გამოვარდნენ და დახმარება შემომთავაზეს”, — წერს ალექსანდრ შოვკოსკი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი 41 წლისამ, 2016 წელს დაანება.

ყოფილი სიძის თქმით ლუბოვ პავლონას ალკოჰოლიზმის პრობლემებიც აქვს.

საბედნიეროდ, ეტყობა მიზანში მარჯვედაც ვერ ისვრის.