მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ფაბიანო კარუანა გერმანიაშიGrenke Chess Classic-ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან 9 პარტიაში 6,5 ქულა დააგროვა და მეორეზე გასულ მაგნუს კარლსენს ქულით აჯობა.
მეშვიდე ტურამდე კარუანა ფრანგ მაქსიმ ვაშე-ლაგრავთან და რუს ნიკიტა ვიტიუგოვთან ერთად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მე-7 ტურში ფრანგს სატურნიროდ უმნიშვნელოვანესი პარტია 36-ე სვლაზე, შავებით მოუგო და ეულად გაიჭრა წინ.
მე-8 ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა, ბოლოში კი კარუანამ მოწინავეთაგანი ვიტიუგოვი ისევ შავებით მე-40 სვლაზე დააშამათა და ტურნირიც დამაჯერებლად მოიგო. მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მეორე ადგილი ერგო. კარუანას განაცხადი კარლსენთან ლონდონური ფინალისთვის ერთობ საყურადღებოა. ბოლო ათწლეულებში როდის ყოფილა, რომ შავებით დიდოსტატს ასეთ დონეზე ამდენი მოეგო?
ტურნირის დასკვნითი ცხრილი:
1. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 6,5
2. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 5,5
3. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 5
4. ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) – 5
5. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 5
6. მატიას ბლუბაუმი (გერმანია) – 4,5
7. არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი) – 3,5
8. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 3,5
9. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 3,5
10. გეორგ მაიერი (გერმანია) – 3