– ეჰ გაიგე, რა მომხდარა?

– ვიცი, ვიცი, მიდლსბრო პატარა ქალაქია, არაფერი დაიმალება.

– როგორ მოხდა ეგ ამბავი?

– როგორ და გაზა მისულა და უჩხუბია. სამზარეულოში ფარდები რატომ არ დაკიდეთო. ცოლსაც აუღია და ტაფა დაუკრავს. გაზას მაღვიძარა უსვრია, ცოლს – ხახვი. მერე გაზა აბაზანაში შესულა, ვედრო აუღია და აი იქ მოხდა ყველაფერი…

– მე მეგონა, თამაშზე დაიმტვრა. ასე გამოაცხადეს…

– რის თამაშზე? თამაშზე ვითომ დაიმტვრა, თან დაელია და სიარული უჭირდა. მეზობლებთან ნალაპარაკევს გეუბნები.

– ვედრო აიღო?

– ჰო, ვედრო… გაზამ აიღო და უნდოდა ცოლისთვის ჩამოემხო თავზე, მაგრამ ხომ იცი, რა სულელია? აერია და თვითონ ჩამოიმხო თავზე. ცოლსაც მეტი რა უნდოდა, ხელი ჰკრა და კიბეზე ჩამოაგორა.

– ცოლმა, კაცო? მე მეგონა, გაზა ჩხუბობდა ხოლმე.

– თავიდან ჰო, მაგრამ გაზას ცოლიც კაი მაგარი გაზა გამოდგა.

– მერე რა მოხდა?

– კიბეზე რომ ჩაგორდა გაზამ იფიქრა, ბარემ გარეთ ვარო და ლუდხანისკენ გაუხვია. სტადიონზე რომ მივიდა, თამაში დაეზარა და საკაცეზე გაწვა.

– რას ამბობ? ხომ აჩვენეს, ტკივილისგან იმანჭებოდა.

– ჰეეე, აი, გულუბრყვილო, მაგას ჰოდლის დასანახად აკეთებდა.

– ჰოდლის დასანახად?

– ჰო, მერე ჰოდლი ურეკავს და თავს აბეზრებს. ჭკუას არიგებს, ასე არ შეიძლებაო. უნდა გაზას ეგ ბაზარი?

– ვითომ ფარდების გულისთვის იჩხუბა?

– ეეე, არაფერი იცი. გლაზგოდან ბარგი ჩამოუვიდათ. ხომ გადმოვიდნენ მიდლსბროში? ჰოდა, შეილამ სახლის დალაგება დაიწყო…

– შეილა ვინ არის?

– გაზას ცოლი, ანუ ქალი გაზა, იგივე შეზა.

– მერე?

– მერე სამზარეულოში ფარდების ჩამოკიდება დაავიწყდა.

– ნორმალურ ოჯახში მაგაზე ჩხუბი შეიძლება?

– შენ რომელი სოფლიდან ჩამოხვედი? არ იცი, ფარდა რას ნიშნავს?

– ფარდა ფარდაა.

– ეგ შენს სახლში. გაზას სახლში კი ფარდა მთავარია. ფარდა თუ არ არის, ფოტოგრაფი მოადგება ფანჯარას და ჩხიკ – გადაუღებს ცოლ-ქმარს.

– მერე მაგის ცოლმა არ იცის?

– ცოდნით, მარტო ჰოდლმა იცის. ჟალუზებიც შეკვეთილი ჰქონდა, მაგრამ ახლა რაღას გაიგებ. გაზა კიბიდან დაგორდა და ტრავმაც მიიღო. სულ ვერ წავა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ჰოდლი საერთოდაც გაშორდა ცოლს.

– მაგით რისი თქმა გინდა?

– რაც მალე გაშორდები, უკეთესია. აი, ბექემს ჯერ არ შეურთავს და უკვე ურეკავენ, გაშორდიო.

– რატომ, ბექემი წესიერი ბიჭია.

– ჰოდა, არ შეეფერება ეგეთ კაი ოჯახში გაზრდილ ბიჭს, ვიქტორიასავით გოგოო.

– ეგ რა შუაშია?

– ვიქტორია ქალიშვილი არ იქნებაო.

– ვაჰ, რას ამბობ კაცო, ბექემი რა, ვაჟიშვილია?

– მაგას ჰოდლისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

– ვაჟკაცურად მითხარი, ჰოდლი უფრო მაგარი იყო, თუ უოდლი?

– ეგ ერთიდაიგივე კაცია.

– ერთადაიგივე როგორ არის, ერთი „მონაკოში“ იყო, მეორე „მარსელში“.

– თბილისზე გაგებული ქალაქი რომელი გინახავს?

– არც ერთი.

– ჰოდა, თბილისში ამბობენ, ერთიდაიგივეაო, მე მჯერა.

– ესე იგი, ჰოდლი არ არსებობს?

– მგონი უოდლი არ არსებობს. ჰოდლი ხომ ნაკრების მწვრთნელია.

– და უოდლი?

– რით ვერ გაიგე? უოდლი ხომ ჰოდლია.

– და გაზა?

– რა გაზა?

– გაზა ხომ არსებობს?

– რა ვიცი, ამბობენ, არსებობსო და…

– თუ გაზა არ არსებობს, აბა ვინ დაიმტვრა?

– ახლა აღარ ვიცი. წესით, გიგზი უნდა დამტვრეულიყო. ფეხი მოიშუშა და ითამაშა. მეორე ტაიმში მაინც უნდა დაემტვრიათ. მაგრამ რას გაუგებ…

11.04.1998

წილი
წინა სტატიაჰაინკესსაც ხომ უნდოდა ლუდი
შემდეგი სტატიაამ საღამოს ამბავი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.