ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ „ლივერპულს“ შეეძლო სერიოზული თავსატეხის გაჩენა „სიტისთვის“, თუმცა ფავორიტად მაინც მანჩესტერელები მიიჩნეოდნენ.
ბოლოს და ბოლოს, „სიტი“ ფაქტობრივად უკვე ინგლისის ჩემპიონია და რომ არა გასულ ტურში „მანჩესტერთან“ განიავებული ორბურთიანი ჰანდიკაპი, დღეს გაცილებით უკეთეს ხასიათზე იქნებოდა.
დღევანდელი მატჩის წინ გვარდიოლამ დე ბრუინი დაასვენა და „მანჩესტერთან“ მატჩში მხოლოდ 72-ე წუთიდან ჩართო. კლოპმა კი ლივერპულურ დერბიში სალაჰი საერთოდ არ დატვირთა.
რას უნდა ველოდეთ დღეს? ძნელად წარმოსადგენია კლოპმა ყრუ დაცვაზე დადოს ფსონი. მას მშვენივრად ესმის, რომ ეს ძალიან სახიფათოა. დასტურად იმავე „სიტისთან“ სეზონის სტარტზე წაგებული 0:5 კმარა.
სავარაუდოდ, სტუმრები მათთვის საყვარელ კონტრშეტევით ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.
საინტერესო ფაქტები
1. „ლივერპულმა“ ოთხჯერ დაიწყო ევროდუელი საშინაო 3:0-ით და ოთხივეჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
2. „სიტის“ 1970-71 წლების სეზონის შემდეგ გასვლითი მარცხით დაწყებული დუელი არასოდეს მოუგია.

ხოსეპ გვარდიოლა, სიტის მწვრთნელი: „თუ ნახევარფინალში გასვლა გვინდა, თითქმის იდეალურად უნდა ვითამაშოთ მომენტების რეალიზების მაღალი პროცენტით და ამავე დროს, მეტოქეს მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ სივრცეები შეტევებისთვის. რაც შეეხება მოკლე მონაკვეთში რამდენიმე გოლის გატანას, ჩვენ ეს შეგვიძლია და არაერთხელ დაგვიმტკიცებია”.

იურგენ კლოპი, ლივერპულის მწვრთნელი: „ისე რომ მომხდარიყო, როგორც ბევრი ელოდა, დღეს სანახევროდ გავარდნილები უნდა ვიყოთ და მანჩესტერში ღირსების შესანარჩუნებლადღა უნდა ჩამოვსულიყავით. „სიტი“ დიდებული გუნდია, თუმცა იდეალური გუნდი არ არსებობს. ვიცოდი, რომ მათაც შეეძლოთ გოლების გაშვება და საბედნიეროდ, შევძელით შანსების გამოყენება. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ჩვენც გავუშვათ. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ეს შანსი გამოვიყენოთ”.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი: ედერსონი, უოკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, სტერლინგი, აგუერო, სანე.

ლივერპული: კარიუსი, არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჩემბერლენი, ვეინალდუმი, მილნერი, სალაჰი, ფირმინო, მანე.
არბიტრი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)

რომა – ბარსელონა

პირველი შეხვედრის შედეგმა დღევანდელი დაპირისპირება ფორმალობად აქცია. დღევანდელ „ბარსელონასთან“ სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება ფანტასტიკის სფერო უფროა.
იტალიის ჩემპინატის გასულ ტურში ტურში „რომამ“ მორიგი საშინაო მარცხი იწვნია და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პრობლემები შეიმატა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რომაელები წყლის ნაყვას აერიდებიან და „ბარსას“ თავს არ შეაკლავენ – უქმეებზე ხომ რომაული დერბი ელით უშუალო კონკურენტ „ლაციოსთან“, თუმცა, ამას ხმამაღლა ვინ იტყვის.

დი ფრანჩესკო, „რომას“ მწვრთნელი: „რა გითხრათ? რომ წარმატების არ გვწამს? ყოველთვის ერთიანი გუნდი ვართ და დღესაც ვიომებთ, მაგრამ ძნელია იმ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, დღეს რომ წუწუნებს, ცუდ ფორმაში ვარო და ხვალ ჰეთ-თრიქს ასრულებს“.

ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მწვრთნელი: „ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. „რომა“ დიდებული გუნდია და ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგვიწიოს. მოედანზე სრულად მობილიზებულები გავალთ“.

წილი
წინა სტატიასუმო ჩვენი სპორტია
შემდეგი სტატიაშავი კარუანა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".