იძახე და წერე შენ, ვადაგასული მაურინიოო, გააქანა და მიარტყა კბილებში. განა მარტო შენ, მოთავდა მაგისი დიდი საქმეებიო, გადაჭრელებულია ბოლო თვეებია გაზეთები.
ეგებ მართლა მოთავდა, მაგრამ ესეც ხომ ცნობილია, მაურინიო ისე არ წაიქცევა, რაღაცეები ვერ ზიდოს. სხვა საკითხია, რომ, მისთვის რაღაცეების ზიდვა მნიშვნელოვანი არ არის და მხოლოდ განსაკუთრებულსა და დიად რამეებს ცნობს.
და მაინც, რარიგ გაიხარა, მისებურად, მოგუდულად, ვითომ არაფერიაო, როცა „მანჩესტერმა“ „სიტის“ მოუგო „ეტიჰადზე“, გასულ უქმეებზე, თანაც ორბურთიანი სხვაობის შემოტრიალებით.
რას აღარ იტყვიან ხოლმე ამ დროს: აი, ძველი „მანჩესტერიო“, ზუსტად იმასავით მოაბრუნეს თამაშიო და ასე შემდეგ. მგონია, არაფერი ეგეთი არ ყოფილა, ამხელა პოგბას რომ თავის ნებაზე გაახტუნავებ საჯარიმოში, აბა რას იზამს. ის მეორე ბიჭიც, კიდო. რაღაცნაირი, თანამედროვე თამაში იყო. რაღაცა, რომ აკლია და დრამის მიუხედავად, მთლად დრამამდე რომ ვერ უწევს. ასე ხშირადაა ხოლმე დღევანდელ ფეხბურთში.
ეს „სიტი“ კიდევ. ასეთ შემთხვევებში ცუდი კვირააო, ამბობენ. „სიტისთვის“ კარგი იქნება, თუ მხოლოდ ცუდი კვირაა, თორემ, იქით „ლივერპულმა“ დაანგრია, მისთვის ტრადიციულად ყველაზე რთულ ფრონტზე, აქეთ „მანჩესტერმა“ ააცალა ცხვირწინ თამაში და მთლად ზღურბლთან მოსული ჩემპიონობა.
„სიტი“ რომ წლეულს ინგლისში საუკეთესო გუნდია, ბევრი ლაპარაკი არ უნდა და ისიც მართალია, რომ მისი შესადარი ხარისხის თამაში წლეულს იქ არავის უჩვენებია, მაგრამ, აი, ასეთი „სიტია“. ჩემპიონთა ლიგა მისთვის კვლავაც აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება. ფინალამდეც ვერ მიუღწევია. ისეც ვერ ვიტყვით, რომ აი, ეკუთვნოდა, ბედმა უმუხთლა და ასე შემდეგ. 2011 წლიდან უწყვეტადაა ჩემპიონთა ლიგაში და ნახევარფინალში ერთხელ გავიდა, იომა იქ, მაგრამ „რეალმა“ გააგდო ორ თამაშში ერთი გოლით.
ახლა „სიტი“, საუცხოო სეზონით, ლიგაშიც მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ მეოთხედფინალი რთული ადგილია ხოლმე. ზოგჯერ ნახევარფინალზე რთულიც. რაც „სიტის“ ვეტერანს და გოლიათს, ვენსან კომპანის ლიგაში უთამაშია, რაც „სიტისთვის“ უკაპიტნია და ახლა კი თითქოს გრძნობს, რომ სწორედ წლეულსაა ის გუნდი, რომელსაც სანატრელი ევროპული გამარჯვების მოპოვება შეუძლია.
მართლა კარგი გუნდია, ერთი ის თამაშიც გამახსედა, „ჩელსისთან“ გასვლაზე რომ მოიგეს. ძაან რამე კი იყო.
ჰოდა, კომპანი ამბობს, ჩვენ „სიტის“ ხალხი არ ვთვლით, რომ ლივერპულთან სამი ბურთით წაგებამ რაიმე გადაწყვიტაო, ჩვენ წლეულს ლიგის მოგები გუნდი ვართო.
გასაგებია, რომ ეს ყოველთვის ასე ითქმის, მაგრამ აბა, ვნახოთ ამ საღამოს. არ იქნება იოლი ამბავი, მაგრამ „სიტი“ კარგია. „ლივერპულიც“ კარგია, ოღონდ…
ევროპა ქვია, და ინგლისური ამბავი კია. ინგლისურ ამბავში, კი…