6 მაისს „ელ კლასიკოა”. ამ დღეს „კამპ ნოუზე” სათამაშოდ „რეალი” ჩავა, ხოლო „ბარსელონა” სავარაუდოდ უკვე ჩემპიონი იქნება. მოუწყობს თუ არა მადრიდის გუნდი ჩემპიონს „საპატიო დერეფანს”? — ამ თემამ ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები „ბარსელონას” „საპატიო დერეფანს” არ მოუწყობენ და არც ის დაუმალავს თუ რატომ: დეკემბერში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატში გამარჯვებულ მადრიდელებს „ბარსამ” არ მოუწყო „საპატიო დერეფანი”.
კვირას გამართული მადრიდული დერბის შემდეგ ჟურნალისტებმა დერეფნის ამბავი „თეთრების” კაპიტანს სერხიო რამოსსაც ჰკითხეს. მცველმა უპასუხა:
„საპატიო დერეფნის არ-მოწყობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ „ბარსელონას” პატივს არ ვცემთ. ამასთან, ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩვენ მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ვასრულებთ. ხალხმა დერეფანს რატომღაც გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა, მაგრამ რაკიღა მწვრთნელმა თქვა, რომ „რეალი” დერეფანს არ მოაწყობს, ესე იგი დერეფანი არ იქნება”.
ჟურნალისტებმა რამოსს კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე სთხოვეს პასუხი. დერბიში, სადაც „რეალმა” და „ატლეტიკომ” თითო გოლი გაცვალეს, ზიდანმა „თეთრების” გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან 64-ე წუთზე გაიყვანა. ვინაიდან პორტუგალიელის შეცვლა იშვიათი მოვლენაა, გავრცელდა ხმა, რომ ცვლილება ფეხბურთელთან ადრევე იყო შეთანხმებული.
„არ ვიცი ეს ცვლილება წინასწარ იყო შეთანხმებული თუ არა, — უპასუხა კაპიტანმა, — მაგრამ, ფაქტია, რომ რონალდუ დიდებულ ფორმაშია. გადახედეთ, რა შედეგებს ვაღწევთ მისი წყალობით. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს მან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს ასე და მწვრთნელიც აუცილებლად გაუფრთხილდება მას”.