მანჩესტერული დერბის დამთავრების შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, როგორ მივიდა „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუნაიტედის” ნახევარმცვლელ პოლ პოგბასთან და კარგა ხანს უჩურჩულა რაღაც. პოგბა მატჩის გმირი იყო, მან ორი გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა” „მოსისხლეს” 0:2 შემოუტრიალა და 3:2 მოუგო.
ყველას მყისვე გაახსენდა გვარდიოლას რამდენიმე დღის წინანდელი მოყოლილი, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ორი თვის წინ პოგბასა და ჰენრიკ მხითარიანის ყიდვა შესთავაზა, მან კი უარი თქვა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს კიდეც კატალონიელს, ფრანგ ნახევარმცველს რა უჩურჩულეო, რაზეც მან უპასუხა, რომ კარგი თამაში და გამარჯვება მიულოცა. ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა, გვარდიოლას ამდენი ხალხის თვალწინ, ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი და ოფლში გაწუწული პოგბასთვის კონტრაქტზე რომ დაეწყო ლაპარაკი.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ გარი ნევილმა კი თითქოს „ჩურჩულებს” ელოდაო, ჯერ კიდევ მატჩის შესვენების დროს გამოთქვა პოგბას „სიტიში” თამაშზე თავისი აზრი. მან თქვა:
„რაიოლას ზედმეტად ოპტიმისტურად მოსვლია, როდესაც „სიტისთვის” პოგბა შეუთავაზებია. „სიტის” ნახევარდაცვაში თამაშობენ დე ბრუინი, სილვა, გუინდოგანი და ფერნანდინიო, ასე რომ ფრანგი გვარდიოლასთვის მეხუთე არჩევანი და სათადარიგო ფეხბურთელი იქნებოდა”.
პოგბამ თითქოს ნევილის ეს სიტყვები გაიგოო, მეორე ტაიმში ორი გოლი შეაგდო, თუმცა საეჭვოა, რომ ამით 43 წლის ყოფილ განაპირა მცველს აზრი შეაცვლევინა.
„იუნაიტედთან” დამარცხებით „სიტიმ” პრემიერლიგის ტიტული ოფიციალურად ვერ გაიფორმა. „ქალაქელები” ამას ახლა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში შეეცდებიან.