გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საფეხბურთო მოვლენა ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის” მიერ „მანჩესტერ სიტის” 3:0 დამარცხება გახლდათ. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი იყო.
ინგლისურმა „სანმა” დაწერა, რომ კლოპის წარმატებებს დიდი ინტერესით აკვირდება მადრიდის „რეალი”, რომლის ხელმძღვანელობაც არ გამორიცხავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეცვლა დასჭირდება.
წერენ, რომ დღეს მადრიდში ზიდანის პოზიციები მაინცდამაინც მყარი არ არის. „რეალმა” ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი დიდი ხანია ხელიდან გაუშვა, სამეფო თასიდან მეოთხედფინალში გავარდა და ახლა ფრანგ მწვრთნელს ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა დარჩენია. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი, თუნდაც თვით „რეალისთვის” გარანტირებული ვერასდროს იქნება.
„შპორტ ბილიდი”, რომელიც „სანის” აგორებულ თემას იმიტომ ეხმიანება, რომ იურგენ კლოპი გერმანელია, წერს: „მადრიდული გუნდის მწვრთნელს ყოველ წელიწადს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას სთხოვენ. კლოპმა კი „დორტმუნდსა” და „ლივერპულში” დაამტკიცა, რომ მას დიდი გუნდების გაწვრთნა შეუძლია. კლოპს „დორტმუნდი” 2013 წელს ფინალში ჰყავდა, ეს კი „რეალის” ხელმძღვანელთათვის მნიშვნელოვანია”.