ასეთი გდებით მოიგო ოქრო ბაგრატ ნინიაშვილმა

თურქულ ანთალიაში წარმატებული სტარტი აიღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა. თურქეთის გრან-პრიზე პირველი ნომრები თითქმის არავის ჩაუყვანია და ჩვენი გუნდიც გადახალისებული შემადგენლობით გამოდის. ამას ხელი არ შეუშლია, გუშინვე გვეზეიმა გამარჯვება.

66 კილოგრამამდე კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან კუბელი სოლისი, ირანელი ხოჯასტენი, ყაზახი ჟუმახანოვი და თურქი სანდალი.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იყო. ბაგრატმა ჯერ ლამაზი ილეთით ვაზარი აართვა მეტოქეს და წამოდგომაც არ აცადა, ისე შებოჭა.

60 კილოგრამამდე კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა სლოვენიელ ტრბოვიცს, “რუს” იაგო აბულაძეს, ამერიკელ დიასს და მონღოლ ჯაგვარალდორს მოუგო. ფინალში ჯაბას მეტოქე რუსი ალბერტ ოგუზოვი იყო. სამწუხაროდ, ჯაბა წამიერად მოდუნდა, მტკივნეულ ილეთზე წამოეგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გუშინ მოპოვებულ ოქრო-ვერცხლს კი დღეს ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაო დაუმატა. პირველ წრეში მასპინძელი ჩეჩენოღლუ დაამარცხა, მერე ირანელ მოლაეის და მოლდოველ გოტონოაგასაც სძლია. ნახევარფინალში ტატოს კიდევ ერთი თურქი ელოდა. ერთ დღეში ორ მასპინძელთან ვინ მოგაგებინებს… ჰოდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გრიგალაშვილმა უნგრელ ცოკნიალის აჯობა.
ორი დღის შემდეგ ვაჟთა შორის საქართველო გუნდურ პირველ ადგილზეა.