17 დღეში ოთხი ინციდენტი — „ვესტ ჰემი”, ამსტერდამი, „ჩელსი” და „ლივერპული”. ნუთუ ინგლისურ ფეხბურთში განგაშის ზარმა დარეკა? მიმომხილველი ნილ ეშტონი ამბობს, რომ ის, რაც ხდება ინგლისელთა იმიჯისთვის კარგი ნამდვილად არ არის.
ეშტონი წერს, რომ ფანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, ტრიბუნებზე ყვირილი და გინება, ბოლო ხანს სახიფათო საზღვარს უახლოვდება. ხულიგანთა დაჯგუფებების გააქტიურება და ჩვეულებრივი გულშემატკივრის უკანა პლანზე გადასვლა მატჩის დღეებს კარგს არაფერს უქადის. ლივერპულში, „მანჩესტერ სიტის” ავტობუსზე თავდასხმამ გონებაში გააცოცხლა 1986 წლის თებერვალი, როდესაც „ენფილდზე” „ლივერპულის” მავანმა ფანებმა, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამტროდ გასახდელი ამიაკით მოწამლეს, თუმცა გაზმა, ცხადია, ამორჩევით მანჩესტერელებზე არ იმოქმედა.
მიმომხილველი 32 წლის წინანდელ დღეს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელს უწოდებს და ახლანდელ ოთხშაბათს მას ადარებს. ეშტონი აქებს „ლივერპულის” ხელმძღვანელებს, რომლებიც სწრაფად გაერკვნენ სიტუაციაში და არეულობის წამომწყები იდიოტების საქციელი თამაშის დაწყებამდევე დაგმეს, მაგრამ აქვე არ გამორიცხავს, რომ მომხდარმა ძალიან იმოქმედა „სიტის” ფეხბურთელებზე, რომლებიც „ენფილდზე” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.
„გამამხნევებელი სიმღერები, სკანდირება და შეძახილები სპორტს უხდება, ფეხბურთელებს ბრძოლისთვის განაწყობს, მაგრამ მათი ავტობუსისთვის მუშტების, მაშხალების და ბოთლების დაყრა ანდა წინა შუშის ჩამტვრევა, როგორც ეს „სიტის” ავტობუსს გაუკეთეს, აშკარად ცუდი საქციელია.
„სიტიმ” მატჩის წინ ვითარება აღარ გაამწვავა.
საბედნიეროდ, ეს არ იყო პროვოცირებული, დაგეგმილი არეულობა. სპორტს ხანდახან ახასიათებს საკუთარი რეპუტაციის ასეთი შებღალვა, საიდანაც დროული დასკვნების გამოტანაა საჭირო” — წერს ჟურნალისტი, რომელიც წუხს, რომ ინგლისელ გულშემატკივრებში „შპანური” მენტალიტეტი აქტიურდება. მაგალითად, ამსტერდამში ამხილეს ასამდე ინგლისელი ფანი — სხვათა შორის სხვადასხვა ასაკის — რომლებიც ხულიგნობდნენ და ადგილობრივ პოლიციას ებრძოდნენ. მოგეხსენებათ, ეს ჰოლანდიისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის დღეს მოხდა.
გასულ კვირას უსიამოვნო სიტუაცია იყო „სტემფორდ ბრიჯზეც”, სადაც „ჩელსი” „ტოტენჰემს” მასპინძლობდა. კერძოდ, მასპინძლების ფანებმა ამოიჩემეს „სფურზის” თავდამსხმელი დელე ალი. 21 წლის ახალგაზრდას ან მტკიცე ნერვები აქვს ან ფსიქოლოგის კონსულტაცია დასჭირდა, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში, როდესაც ის ბურთს იღებდა, ტრიბუნებიდან ისმოდა: „დელე, დელე შენ ხარ …” — ბოლოს მოდიოდა სალანძღავი სიტყვა.
ამ შეხვედრაში დელე ალიმ ორი გოლი გაიტანა და ალბათ სრული უფლება ჰქონდა „ჩელსის” გულშემატკივრების დასანახად ყურებზე თითები მიედო — აბა, მიდით, თუ ბიჭები ხართ ახლაც გაიმეორეთო.
ნილ ეშტონი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურთში ხულიგნური გამოხდომების მატებასთან ბრძოლა ყველას ვალდებულებაა: პრემიერლიგის, ფეხბურთის ასოციაციის, მას-მედიის… საჭიროა შეიქმნას ისეთი ზოგადი სიტუაცია, სადაც იდიოტები ხმას ვეღარ ამოიღებენ, თორემ მცირეხელფასიანი სკაუტები მათი გამჩერებლები არ არიან და პოლიცია, რომ პოლიციაა ისიც კი ხშრად წაუყრუებს ხოლმე.
ეშტონის წერილის სრულად თარგმნას აქ არ შევუდგებით, მაგრამ ვიტყივით, რომ ის ანტონიო კონტეს საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალისტი წერს, რომ „ჩელსის” გულშემატკივარს იტალიელი მწვრთნელი უყვარს, კლუბის ხელმძღვანელობას კი ის აღიზიანებს, რადგან ხშირად წუწუნებს ფულს არ მაძლევენ მაღალი დონის ფეხბურთელები რომ ვიყიდოო. მიმომხილველის თქმით, კონტეს „ჩელსიდან” წასვლა გარდუვალია, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯის” ბოსებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და ის ღირსეულად გაუშვან, რათა ხალხი არ გააბრაზონ. გულშემატკივრებთან მუშაობა ხომ სწორედ ამგვარი დეტალებისგან შედგება.
ხვალ კი მანჩესტერში დიდი დერბია: „სიტი” „იუნაიტედს” მასპინლობს.
ვნახოთ, რა მოხდება.