ვატო არველაძემ ლიდერ საბურთალოს მოხდენილი გოლი გაუტანა

ეროვნული ლიგის მე-5 ტური უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მეტოქეებმა ერთმანეთს 12 ბურთი გაუტანეს. ნაკლები მხოლოდ მე-3 ტურში გავიდა (11). „ლიდერად“ კი 22 გოლიანი საწყისი ტური რჩება.

პირველად წააგო ლიდერმა, „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს აქამდე ოთხივე მატჩი მოეგოთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. მათი დამმარცხებელი „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზე იდგა ერთადერთი ფრით და კინკილა ქულით. რკინიგზელმა ვატო არველაძემ შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში. ის უკვე ზედიზედ მეორე მატჩია მინდვრიდან უგოლოდ აღარ გადის. უმცროსი არველაძე წინა ტურში საჩხერის „ჩიხურასთანაც“ გამოირჩა.

ამავე მატჩში გავიდა ჩემპიონატის მეორე ავტოგოლიც. ის სტუმარი რომან ჭანტურიას ანგარიშზეა. სხვათა შორის, პირველი იმავე ვატომ შეაგდო საკუთარ კარში ქუთაისში, „ტორპედოსთან.“

„საბურთალოს“ წაფორხილებით თბილისის „დინამომ“ ისარგებლა, „სტუმრად“ ჩიხურა დაამარცხა და ლიდერს ქულებით გაუტოლდა. ეს დინამოელთა ზედიზედ მეოთხე მოგება გახლდათ. ამავე შეხვედრაში  სეზონის კიდევ ორი ვერგატანილი პენალტი ვიხილეთ. ჯერ ბუდუ ზივზივაძეს აუღო საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა, შემდეგ კი ზემოიმერელ გიორგი გაბედავას აჯობა თბილისელთა ყმაწვილმა, 18 წლის დემეტრე ბულისკერიამ. ცნობისთვის, გაბედავამ მანამდე მაინც იყოჩაღა, როცა მე-18 წუთზე გაათნაბრა ანგარიში. ეს მისი მე-5 გოლი გამოდგა წლევადელ სეზონში და ბომბარდირთა დავასაც ჩაუდგა სათავეში.

პირველი თერთმეტმეტრიანი კი მე-2 ტურში გააცუდეს. მაშინ სამტრედიელ აყლაყუდა ბოსნიელს, ივან ფატიჩს ბოლნისელმა მიხეილ მუჯრიშვილმა აჯობა.

ნიკა ძალამიძემ ეროვნულ ჩემპიონატში ცხრა წლის შემდეგ გაიტანა

ამ მატჩში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. დასაწყისშივე, მე-4 წუთზე, „დინამოს“ მაისურით პირველად გამოირჩა ბუქარესტის „იუვენტუსიდან“ გადმობარგებული  ნიკა ძალამიძე. ეს 26 წლის შემტევის მესამე გოლია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში. მანამდე მან თითქმის 9 წლის წინათ, 2009 წლის 30 ოქტომბერს, ზუგდიდის “ბაიაში“ თამაშისას „სამტრედიასთან“ მიითვალა დუბლი. ეს იყო და ეს. ძალამიძის გოლი, „დინამოს“ ოფიციალური საიტის ცნობით,  ამ გუნდების დაპირისპირებაში, ზემოიმერელთა კარში გატანილი საიუბილეო, 50-ე გამოდგა.

ქვემოქართლური დაპირისპირებაც დაძაბული იყო. „სიონმა“ „რუსთავს“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ვლადიმირ გაზაევის შეგირდებმა მიჯრით სამი წაგების შემდეგ გაიმარჯვეს. აი, „სამტრედია“ კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ცხრილის ფსკერზეც დაილექა. მართალია, მეტოქედ ჩემპიონი „ტორპედო“ ჰყავდა და ქუთათურებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, მაგრამ მაინც, არავინ ელოდა სამტრედიელთა ასეთ სუსტ სტარტს. მათ დამრიგებელ უჩა სოსიაშვილს სერიოზული ფიქრი მოუწევს ვითარების გამოსასწორებლად.

„კოლხეთმა“ „დილას“ ზესტაფონში უმასპინძლა და უშანსოდ წააგო – 0:3. ზესტაფონი ვახსენეთ და ამ ტურში საკუთარ მინდორზე მარტო „ტორპედომ“ და „საბურთალომ“ ითამაშეს. „ჩიხურა“ „დინამოს“ თბილისურ „დავით პეტრიაშვილზე“ დაუხვდა, „სიონის“ და „რუსთავის“ ამბავი კი უკვე ვთქვით.

ახლა ჩემპიონატში მცირე, სააღდგომო პაუზა გამოცხადდება და ტურნირი 13 აპრილს განახლდება.

მე-6 ტურის მთავარი ამბავი კი კვირაცხოვლობას, 15 აპრილს მოხდება, როცა ერთმანეთს ლიდერები შეხვდებიან. „დინამო“ თავის „დინამო არენაზე“ „საბურთალოს“ დაუხვდება. თამაში 16 საათზე დაიწყება.

V ტური: სიონი 0:2 რუსთავი, საბურთალო 1:2 ლოკომოტივი, ჩიხურა 1:2 დინამო, კოლხეთი 0:3 დილა, ტორპედო 1:0 სამტრედია

  1. საბურთალო       5          4          0          1          12:4     12
  2. დინამო             5          4          0          1          12:5     12
  3. დილა               5          3          1          1          10:7     10
  4. ტორპედო          5          3          0          2          8:5        9
  5. ჩიხურა             5          2          2          1          10:5       8
  6. რუსთავი           5          2          0          3          4:5        6
  7. სიონი               5          1          1          3          4:8        4
  8. ლოკომოტივი     5          1          1          3          5:12      4
  9. კოლხეთი          5          1          1          3          4:13      4
  10. სამტრედია        5          1          0          4          3:8        3

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 5, ბუდუ ზივზივაძე – 4, ოთარ კიტეიშვილი – 3 (ორივე – დინამო).

 VI ტური:

13 აპრილი: რუსთავი – კოლხეთი

14 აპრილი: ლოკომოტივი – სიონი, ტორპედო – ჩიხურა

15 აპრილი: დინამო – საბურთალო, სამტრედია – დილა

წილი
წინა სტატიაბარსელონაში შოუ აკლიათ
შემდეგი სტატიასად იყო ჯიმი?
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.