„ლივერპული“ – „სიტის“ სალიგო დაპირისპირებამ სრულად გაამართლა მოლოდინი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლივერპულელები მიმდინარე სეზონში ისედაც ყველას აოცებდნენ „გიჟურად“ მონათლული ფეხბურთით.
რაში მდგომარეობს იურგენ კლოპის წარმატების საიდუმლო? რაც უნდა გასაკვირი იყოს, გერმანელის ხელში გუნდის თამაში გაცილებით ლაღი და შემოქმედებითი გახდა. ეს სულაც არაა თავის ნებაზე მიშვებულ ინდივიდუალისტთა კრებული.

კლოპმა ზედმიწევნით იცის ყველა შეგირდის შესაძლებლობები და თავისუფლებაც ამ შესაძლებლობებით შემოიფარგლება.
ჯერ „სიტისთან“ ჩატარებულ მეორე ტაიმზე ვთქვათ. ჩვეული 4-2-3-1-ის მაგიერ მასპინძლები 4-4-2-ზე გადაეწყვნენ, ცენტრი გაამაგრეს და მეტოქეს კარის ჩარჩოში ზუსტად ერთხელაც არ დაარტყმევინეს.

იმ უზუსტო ათი მცდელობიდან ოთხი მცველებმა დაბლოკეს.

19 წლის არნოლდმა მარჯვენა ფლანგზე 30-ჯერ ჩაჭრა ან აართვა მეტოქეს ბურთი, მოპირდაპირე მარცხენა ფლანგზე კი რობერტსონმა იგივე 20-ჯერ გააკეთა. არც ცენტრალური მცველები დარჩნენ ვალში და მომხვდურებს ორთაბრძოლების 90 პროცენტი მოუგეს. ესეც მშრალად შენახული კარის საიდუმლო.
ნახევარდაცვაში მთავარი კაცი მილნერია, რომელიც კოუტინიოს წასვლის შემდეგ ახლებურად ათამაშდა და დაცვა-შეტევას შორის კავშირზე აგებს პასუხს.

მარცხენა ფლანგელი ჩემბერლენისგან განსხვავებით, მოედნის სიგანეზე გაკეთებული გადაცემები არ უყვარს და რამდენიმეწამიანი აფეთქებით ამწვავებს სიტუაციას მეტოქის კარის მისადგომებთან.
… და მოჰამედ სალაჰი:

არავინ უარყოფს მის ნიჭსა და საგოლე ალღოს, მაგრამ ეგვიპტელის საამსეზონო ზღაპრული მონაგარიც გარკვეულწილად კლოპის დამსახურებაა.

შემტევი ხუთეული ხშირად ცვლის პოზიციებს და სალაჰსაც, რომელიც ნომინალურად მარჯვენაფლანგელია, ნებისმიერ წერტილში უნდა ელოდეს მეტოქე.
რატომ შეგაწყინეთ ციფრებით თავი? სწორედ ამ ციფრებზე და დიაგრამებზე დაყრდნობით ქმნის კლოპი იმ ვითომ „იმპროვიზაციას“, რის გამოც ლივერპულელებს ბოლო დროს მოდური მეტსახელი „ბანდა“ შეარქვეს.

არა, ბატონებო: აქ ყველაფერი გერმანული სიზუსტითაა გათვლილი და გარდა ფეხბურთელების ფუნქციონალური მზადებისა, მათ მიმართ ნდობას და სწორ ტაქტიკას ეფუძნება.

წილი
წინა სტატიასად იყო ჯიმი?
შემდეგი სტატია„სიტი” ზეიმს არ გვპირდება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".