…ამ შემთხვევაში ჯანლუიჯი ბუფონი ნიკანდრო ქილიასავით გაიფიქრებდა: „დედა, რა იყო ეს?!“. მეექვსე ოქროს ბურთისკენ მიიწევს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ისეთ ფორმაშია (ან როდის არაა), უკვე რეკორდს რეკორდზე ამხობს.

პირველი კაცი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ათ მატჩში რომ გაიტანა. თან, რა გუნდების კარში გააქვს და რა გოლები.

„იუვენტუსი“-„რეალი“ 0:3. რონალდომ დადუბლა, ერთიც მარსელომ გაიტანა, თან, არგენტინელი

პაულო დიბალა გააძევეს ორი გაფრთხილების გამო.

რონალდოს მეორე გოლის აღწერა ზედმეტია და ისე, პირველიც გემრიელი შეაგდო – ისკომ შემოაცურა საჯარიმოში და პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გარე ტერფით აჭრა კარისკენ. მესამეზეც, მარსელოს გაატანინა…
არადა, პირველ და მეორე გოლებს შორის ისეთი თამაში მიდიოდა, თითქოს სადაცაა „იუვენტუსი“ გაიტანსო.

სასწაული აიღო „რეალის“ მეკარე ნავასმა, იქ უიღბლო რიკოშეტები, დიბალას არაზუსტი გასროლები და მორჩა, „რეალი“ ამდენს არ პატიობს, „რეალი“, რომელიც ზედიზედ მესამედ აპირებს ლიგის მოგებას.

იუვენტუსი 0:3 რეალი

ტურინი. „ალიანს სტადიუმი“

გოლები: 0:1, 0:2 რონალდო (3, 64), 0:3 მარსელო (73)

იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო, კიელინი, ბარცალი, სანდრო, ასამოა (მანძუკიჩი 69), ბეტანკური, ხედირა (კუადრადო 75), დუგლას კოსტა (მატუიდი 69), დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, ისკო (ასენსიო 75), ბენზემა (ვასკესი 59), რონალდო

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გაფრთხილება: ბეტანკური (27), დიბალა (45), რამოსი (55), დიბალა (66), კოვაჩიჩი (88)

გაძევება: დიბალა (66)

მსაჯი: ჯ. ჩაქირი (თურქეთი)

მეორე მატჩში კი „ბაიერნი“ „სევილიასთან“ გასვლაზე აგებდა, 2:1 იმარჯვა და იქვე, ანდალუსიაში დაუმთავრა საქმე.

ეს ევროპის ლიგა არაა, „სევილიას“ გრანდებმა ბევრი გააბედინონ. ესპანელებისთვის მეოთხედფინალიც კარგი მიღწევა იყო.
ისე, კაცმა არ იცის რა იქნებოდა, რომ არა რიკოშეტები.

რიბერი სადღაც ურტყამდა და ხესუს ნავასს მოხვდა ბურთი, მეკარეც დაიბნა და ვერ მოიგერია. მეორეც ასხლეტით გავიდა, რიბერიმ ჩააწოდა და ტიაგო ალკანტარას თავური მცველის ფეხს მოხვდა, ისე შევარდა კარში.
მხცოვანი იუპ ჰაინკესი მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება.ჯერჯერობით დამაჯერებლად მიდის და უეჭველად ექნება კოზირები, რომელიც არ გამოუყენებია. უბრალოდ, ჯერ არ დასჭირვებია…

 

სევილია 1:2 ბაიერნი

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“

გოლები: 1:0 სარაბია (31), 1:1 (ხესუს ნავასი 37 ს.კ.) 1:2 ალკანტარა (68)

სევილია: სორია, კიაერი, ლანგლე, ესკუდერო, პისარო, ნ’ზონზი, ხესუს ნავასი, კორეა (რამირესი 78), ვასკესი, სარაბია, ბენ იედერი (მურიელი 80)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ბერნატი (რაფინია 46), ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, ვიდალი (ხამესი 36), რიბერი (რობენი 79), ლევანდოვსკი, მიულერი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გაფრთხილება: რიბერი (12), კორეა (15), ბერნატი (34), მიულერი (85), პიზარო (90)

მსაჯი: დ.ორსატო (იტალია)