ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი საღამო აშკარად სტუმრების იყო. „რეალს“ და „ბაიერნს“ სასწაული თუ შეუშლის ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლაში.

დღევანდელი ინტრიგა არანაკლებია. „ბარსელონა“ თავისი ჯადო-ბიჭით წელს სასწაულებს სჩადის. დასტურად ბოლო შეხვედრაც კმარა, თუმცა „რომას“ ნაადრევად ნუ ჩამოწერთ. კლასიკური იტალიური ფეხბურთი ძნელად გასავლელი და ჯაჯგურა დაცვით ფავორიტებს არ ცნობს.

ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მწვრთნელი: „რომაელებმა ჯგუფში კარგად ითამაშეს, რაც გასაკვირი სულაც არ იყო. ისინი თავს გონივრულად იცავენ და შეტევაშიც ორგნიზებულები არიან. ეს ლიგის მეოთხედფინალია და იტალიელთა დამარცხება იოლი არ იქნება. ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრები ისევე გვიქომაგებენ, როგორც ეს წინა ეტაპზე, ჩელსისთან გააკეთეს.“
ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომას მწვრთნელი: „ახლა, ისე როგორც არასდროს, ერთად უნდა დავდგეთ. აქ რაღაც ექსტრაორდინალურის გასაკეთებლად ჩამოვედით. მეტოქის დიდი პატივსცემის მიუხედავად, ოცნებას ვაგრძელებთ და წარმატების იმედი გვაქვს. ამისათვის მასპინძლებს სივრცეები უნდა შევუზღუდოთ და უკომპლექსოდ, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ.“

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, იუმტიტი, ალბა, პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, სუარესი, მესი
რომა: ალისონი, ფლორენცი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი, ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი, ელ შაარავი, ჯეკო, პეროტი
მსაჯი: დანი მაკელე (ჰოლანდია)

ოოო, აი ლივერპულში კი საუკუნის თუ არა, სეზონის უმთავრესი მატჩია. თავი რომ არ შეგაწყინოთ, ლივერპულელთა მავანი ქომაგის პოსტს გთავაზობთ:
„თუ ოთხშაბათს სტადიონზე მოდიხარ და კლუბის შარფი გაქვს – წამოიღე. თუ დროშა გაქვს – წამოიღე. თუ ბანერი გაქვს – წამოიღე. თუ არაფერი გაქვს – მე მოგცემ. დავიბრუნოთ ერთი დღით „ენფილდი“ დავაჩვენოთ „სიტის“ ის, რასაც ვერანაირ ფულად ვერ იყიდიან“.
დიდი ამბები იქნება ამაღამ საყველიეში… კი არადა, „ენფილდზე“.

იურგენ კლოპი, ლივერპულის მწვრთნელი: „რაც შეიძლება შორს გვინდა გასვლა ტურნირზე. ამ ეტაპზე უკვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან გვიწევს შეხვედრა და მოტივაციაც ერთი-ორად იზრდება. მანჩესტერელები ალბათ დარწმუნებული არიან საკუთარ თავში, მაგრამ ჩვენც კარგი პერიოდი გვიდგას. მიყვარს ძნელი ამოცანები და ძნელი სამუშაო ადგილები. ამიტომ, ყველაფერს ვცდით მოსაგებად.“
ხოსეპ გვარდიოლა, სიტის მწვრთნელი: „ყველა საუბრობს თუ როგორი ხისტი იქნება ლივერპული ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ იგივე იქნებოდა ბარსელონას, ბაიერნის ან სევილიის შემთხვევაშიც. მეოთხედფინალში უნდა ელოდოთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე მსოფლიოში ყველაზე ხისტ გუნდად იქცევა. ჩვენი სტილი იდეალურია ლივერპულისთვის, თუმცა შევეცდებით რაღაც მოვიფიქროთ მათ შესაჩერებლად. წარმატების საუკეთესო გზა კი იმ ფეხბურთის ჩვენება იქნება, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვთამაშობთ.“

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: კარიუსი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სალაჰი, ფირმინო, მანე
სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, კომპანი, ლაპორტი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, სტერლინგი, ჟესუსი, სანე
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

წილი
წინა სტატიაჩიტების კოლექციონერი
შემდეგი სტატიასპორტომანი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".