იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული” გვარდიოლას „სიტის” მასპინძლობს.
ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ მოიგო 5. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. ასეთი შედეგით ბარე ორი ვერ დაიკვეხნის.
სტატისტიკა, რომელიც წინა აბზაცში მოგახსენეთ სათავეს ბუნდესლიგიდან იღებს, როდესაც კლოპი „დორტმუნდის” მწვრთნელი იყო, ხოლო გვარდიოლა „ბაიერნს” ხელმძღვანელობდა.
კლოპი: „პეპს ყოველთვის გრანდები ჰყავდა. „ბარსელონასა” და „ბაიერნში” მის განკარგულებაში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, რომელთაც მოედანზე დიდი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. გვარდიოლას დღესაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს: გუინდოგანი, დავიდ სილვა, სერხიო აგუერო, რაჰიმ სტერლინგი, ლეროი სანე, გაბრიელ ჟესუსი… რასაკვირველია, მათი მოედანზე სწორედ განლაგებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სასწაული არაფერ შუაშია. იმაში, რომ განაპირა მცველები შუაში შერბიან და ყველა გამუდმებით მოძრაობს, რათა ბურთის მისაღებად ყოველწამს მზად იყოს, ორიგინალური არაფერია.
ჩვენს სტილებს შორის ნამდვილად არ არის დიდი განსხვავება, უბრალოდ პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა.
ჩვენი შეტევის მეთოდი და დაცვაში მაღალი პრესინგი მეტოქეებისთვის ძალიან უხერხულია. როდესაც ჩვენს გუნდებს ეს კარგად გამოსდით, მათთან გამკლავება ყველასთვის რთულია”.
„მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული” მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სექტემბერში „სიტიმ” მერსისაიდელები გაანადგურა — 5:0, იანვარში კი დრამატულ შეხვედრაში „ლივერპულმა” მოიგო 4:3.
კლოპმა აგრეთვე ილაპარაკა ბავშვობაში წაკითხულ ათასობით წიგნზე და მის გმირებზე, რობინ ჰუდსა და ჯეიმს ბონდზე:
„ჯეიმს ბონდი ფანტასტიკური კაცია. მას თავისი წესები აქვს. ის ყოველთვის მზად არის უპირველეს ყოვლისა თავად გაწიროს თავი — მეც ასე წარმომიდგენია მამისა და ხელმძღვანელის როლი. იმედი მაქვს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მეც ასე მოვიქცევი”.