დღეს, ტურინში, ასეთი ორთაბრძოლა ბევრი იქნება

მარკ ნოფლერი და მისი ლეგენდარული ჯგუფი Dire Straits გამახსენდა ჩემპიონთა ლიგის ამ დღეს. როკი მოხუცებისთვის – ასე შეამკეს მელომანებმა ამ ჯგუფის შემოქმედება.
ტურინში კი ძალიან მძიმე როკია მოსალოდნელი – იქეთ „მობერებული“ კრიშტიანუ და აქეთ „მხცოვანი“ ბუფონი – დედა შვილს რომ არ აიყვანს, იმ ფაზაშია გადასული პლანეტის უპირველესი საკლუბო საფეხბურთო დაპირისპირება. ამ ეტაპის მთავარი მატჩი კი სწორედ ტურინშია: „იუვენტუსი“ – „რეალის“ წინააღმდეგ, შარშანდელი ფინალის ერთგვარი გაგრძელება, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და მათ შორის უმთავრესს – შეინარჩუნებს ბუფონი ჯერაც დაუგემოვნებელი ამ ტიტულის მოპოვების ბოლო შანსს?
საინტერესოა თავად მწვრთნელთა დაპირისპირებაც. ბევრი თვლის, რომ მასიმილიანო ალეგრიმ უკვე ამოწურა თავის შესაძლებლობები იტალიურ გრანდში, კრიტიკოსები ლა ლიგის ჩამგდებ ზინედინ ზიდანსაც არ აკლია, მაგრამ „ზიზუს“ მთელი დასტის ორივე ჯოკერი ჯიბეში უდევს, რაკიღა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები კაცია და აგერ, მესამე წრეზეც მძლავრად ტრიალებს. მასპინძლებს გამოჯანმრთელებული ჯორჯო კიელინი დაუბრუნდათ, თუმც დანაკლისიც აქვთ – ბენატიას და პიანიჩს მოისაკლისებენ…

რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდთან სპექტაკლი დადგა

ტურინული მატჩის ჩრდილში მოექცა სევილიური დაპირისპირება – ქალაქს თვით მიუნხენის „ბაიერნი“ ესტუმრება. სევილიაში თამაში ურთულესია, რაც ორიოდ დღის წინ თვით „ბარსელონამ“ იწვნია, მაგრამ ცხადია, სალიგო თამასა ძალიან მაღალია და ესპანელებს ლამის თავს ზემოთ ახტომა მართებთ მრისხანე გერმანული ბარიერის დასაძლევად. შაბათს მიუნხენელებმა ერთი მსახიობის სპექტაკლი მოუწყვეს პუბლიკას – გუნდმა, ერთი ამოსუნთქვით ჩაყლაპა ნაკონკურენტალი „დორტმუნდი“ და სალიგოდ ჩინებული განწყობაც დაიბევა.
მიუნხენელებს დისკვალიფიკაციის გამო ვიდალი და ბერნატი დააკლდებათ. დაშავებულია კომანი. ნოიერის ტრავმა კი არახალია, თუმც უფრო სერიოზული დანაკლისი მასპინძლებს აქვთ, ისინი გუნდის ლიდერ ევერ ბანეგას მოისაკლისებენ. სევილიელებს ტრავმირებული მერკადო და ხესუს ნავასიც არ ეყოლებათ.

წილი
წინა სტატიაკანიბალი გაძღა
შემდეგი სტატიაპეცის ოქრო-ვერცხლი
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!