გასული შაბათ-კვირა ქართული სპორტისთვის ოქრო-ვერცხლით იმდენად დახუნძლული აღმოჩნდა ლაშა გურულის ევროპის ჩემპიონობა ლამის ყურადღების მიღმა დაგვრჩა. 22-წლამდელთა შორის პირველობაზე ქართველმა ბიჭმა იპირველა. ამ ასაკის ბიჭებს კი 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მთავარ ბრძოლების გამართვა მოუწევთ. იაპონიამდე და ოლიმპიადამდე ჯერ შორია, თუმც ახლოს ლაშა გურული იყო… ყველაფერთან ერთად ლაშა სასიამოვნო მოსაუბრეც გამოდგა…
– რა ასაკიდან დაიწყე კრივში ვარჯიში და ვისი ინიციატივთ?
– კრივში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. რუსთავში კრივის დარბაზს ჩავუარე. რამდენიმე კაცი იჯდა. ერთმა მკითხა, კრივში ვარჯიში ხომ არ გინდაო? არა, მამიკომ ჭიდაობაზე უნდა მიმიყვანოს, მეთქი. თურმე, მწვრთნელი ყოფილა და გასაღები სახლში დარჩა. როცა მოწაფემ გასაღები მოუტანა, მეც შევყევი და ტომარასთან კრივით გავერთე. ასე ვიარე ერთი კვირა, სანამ კრივზე სიარული არ გადავწყვიტე.
– ოჯახში ვინმეს თუ ჰქონდა სპორტთან კავშირი?
– მამა მოჭიდავე იყო. ჩემი შუათანა ძმა მამუკა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, უმცროსი ბექა კი ასევე ჭიდაობაში 2017 წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გახდა თანატოლთა შორის.
– მერე, მამა როგორ შეეგუა მოჭიდავეთა კამპანიაში „თეთრი ყვავის“ გამოჩენას?
– ადვილად შეეგუა. ბაბუაჩემი (დედის მამა) ბაჩუკი ცხადაია სსრკ-ის ჩემპიონი იყო კრივში. ეტყობა, მისმა გენებმა იყივლა.
– პირველი მედალი გახსოვს?
– კი, მაგრამ არ მახსოვს, რა ტურნირი იყო. სახლში მოსულს დედა რომ გამეხარებინა, ჩემთვის მთავრი ეს გახლდათ. სერიოზულ კარიერაზე არც ვფიქრობდი.

– აქამდე რა ტიტულები გქონდა?
– ახალგაზრდებს შორის ევროპის 2014 წლის პრიზიორი და 2017 წლის ვიცე-ჩემპიონი ვარ. შარშან ევროპის ჩემპიონატამდე 4 თვით ადრე ხელი მოვიტეხე და ფაქტობრივად, ცალი ხელით ვიჩხუბე.
– წელს ძალიან გაგიჭირდა?
– ვიცოდი, რომ შემეძლო. 5 თვე ყველაფერი გადავდე და ყველა დავივიწყე. რუსთავში პირადი მწვრთნელი ტარიელ ბლუაშვილი მავარჯიშებდა. მერე საქმეში ნაკრების მწვრთნელები – ბეჟან ჭიჭინავა და შალვა დუნდუა ჩაერთვნენ. ძალიან მოვინდომე, მაგრამ ფინალში ხელს მაინც არ ამიწევდნენ, რომ არა ჩვენი დელეგაციის და პირადად პრეზიდენტ დავით წიკლაურის ბრძოლა.
– საქართველოს ნაკრებში რომელი ნომერი ხარ?
– 2016 წლიდან პირველ ნომრად ვითვლები.
– ანუ, სამიზნე ოლიმპიადაა…
– რა თქმა უნდა, მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. ლიცენზიებისთვის ბრძოლა მომავალი წლიდან დაიწყება.
– ყველა მოკრივე პრიფესიონალებში გადასვლაზე ოცნებობს…
– თუ ტოკიოში მედალს ავიღებ, ალბათ გადავალ, თუ არადა ერთი ოლიმპიური ციკლითაც დავრჩები მოყვარულებში.
– და ბოლოს: ცხოვრების მთავრი პრინციპი.
– როგორც ტარიელ ბლუაშვილი მეუბნება, ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყო და მერე კარგი სპორტსმენი. ვცდილობ…