ბატონი ბიათლონი, იგივე „კანიბალი” ანუ 44 წლის ლეგენდარული ოლე ეინარ ბიორნდალენი აქტიური სპორტიდან წავიდა. მისი დიდების დარბაზში 8 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონატის 20 ოქროს მედალი კიდია.  ნორვეგიელთა გმირმა და უსაყვარლესმა სპორტსმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სიმოსტრანდაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

„სიამოვნება და მოტივაცია არსად გამქრალა. რამდენიმე წელიწადს კიდევ ვიასპარეზებდი” — თქვა ბიორნდალენმა, რომელსაც ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს. მას რამდენჯერმე არითმია ჰქონდა.

ლეგენდარულმა ბიათლონისტმა ოფიციალურ შეჯიბრებაში ბოლოს სულ ახლახან, 24 მარტს რუსეთის ქალაქ ტიუმენში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო თასის ეტაპებზე ბიორნდალენმა ბოლოს 2015 წლის 2 დეკემბერს გაიმარჯვა.