ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ კევინ დე ბრუინის მტკიცებით წლეულს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას ეკუთვნის და არა ლივერპულის ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს. თავად ბელგიელი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს.

სალაჰს ყველა შეჯიბრებაში ერთად ჯერჯერობით 37 გოლი აქვს გატანილი. დე ბრუინის მონაგარი სხვა ტიპისაა, ის საგოლე პასებით სჯობია ყველას — 20.

მიმდინარე სეზონში „სიტიმ” უკვე მოიგო ლიგის თასი და დიდი შანსია ამ კვირაში ზედ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულიც დაამატოს.

ახლა კი დე ბრუინის ციტატას მოვიტანთ (იმავე გაზეთებიდან) და თავად განსაჯეთ მართლა თქვა „ქალაქელთა” ნახევარმცველმა სალაჰს ვჯობივარო თუ არა:

„ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ საუკეთესოს წოდებას ვიმსახურებ. კარგა ხანია სტაბილურ ფორმას ვინარჩუნებ. ვგონებ ერთი თამაშიც არ ჩამიგდია, არადა მოედანზე ცოტა დრო ნამდვილად არ დავყავი. ერთი სიტყვით, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. არ ველოდი ამ სეზონში ასე კარგად თუ ვითამაშებდი. თუ დამაჯილდოებენ, როგორც გუნდისთვის ასევე ჩემთვის მშვენიერი იქნება”.

ხოლო, როდესაც კონკრეტულად სალაჰზე ჰკითხეს, ბელგიელმა უპასუხა: „სალაჰს გოლი გოლზე გააქვს, რაც შთამბეჭდავია. ამასთან ერთად, ის ძალიან კარგად თამაშობს როგორც ინსაიდი. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს”.