„იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში” 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი.
ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში ჩადგომაზე დაფიქრდება, ხუთ-ექვს წელიწადს ჯერ კიდევ საკლუბო ფეხბურთში გაატარებს.
„უეჭველად უცხოეთში წავალ, — თქვა იტალიელმა „ტელეგრაფთან” საუბრისას, — იტალიაში ჩემი თავი ამოვწურე”.
„სანმა” გამოიკვლია, რომ ალეგრი ინგლისურს სწავლობს.
ჟურნალისტებთან „იუვენტუსის” თავკაცის ეს საუბარი ტურინში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ გაიმართა — დღეს „იუვე” „რეალს” მასპინძლობს.
გეხსომებათ, რომ იტალიის ჩემპიონმა მერვედფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპურს” სძლია. ორი მატჩის ჯამში ანგარიში იყო 4:3. დაპირისპირებაში, რომელშიც ლონდონელები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, ზოგის აზრით კი ჯობდნენ კიდეც, გადამწყვეტი „უემბლიზე” გამართული თამაშის სამწუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როდესაც გონსალო იგუაინმა და პაოლო დიბალამ „დეზებს” ორი გოლი გაუტანეს.
„ორი აზრი არ არსებობს, „ტოტენჰემი” დიდებული გუნდია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ თამაშის განმავლობაში აუცილებლად იქნებოდა 15-20 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ის გოლს გაუშვებდა. ამიტომაც დავავალე ჩემს ფეხბურთელებს უკიდურესად მობილიზებულები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოგვეყენებინა და სწორედ ასე მოხდა. საბედნიეროდ, ზუსტად ვიცოდი რა უნდა გაგვეკეთებინა იმის გათვალისწინებით, რომ სათადარიგოთა სკამზე თავდამსხმელი არ გვყავდა, მხოლოდ მცველები ისხდნენ”.
„იუვეს” 50 წლის თავკაცმა თავის სამწვრთნელო ფილოსოფიაზეც ილაპარაკა:
„არასდროს ვყოფილვარ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც მთელი ყურადღება ტაქტიკასა და ანალიზზე გადააქვს. მე უფრო ინსტინქტების კაცი ვარ. ასე მგონია, რომ მწვრთნელი თავის გადაწყვეტილებებს აღქმასა და შეგრძნებებზე უნდა აფუძნებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯდებოდი კომპიუტერთან და „პლეისთეიშენის” მაგვარ თამაშს გამართავდი. ბევრი ცდილობს ფეხბურთში სრულყოფილებას გამოთვლებით მიაღწიოს, მე კი ვფიქრობ, რომ ცხოვრება მეტ არჩევანს და ვარიანტს გვთავაზობს”.
ინგლისურმა გაზეთებმა მასიმილიანო ალეგრიზე ყურადღება სავარაუდოდ მისი უცხოეთში წასვლის სურვილის გამო გაამახვილეს. „სანმა”, მაგალითად „ჩელსი” გაიხსენა, საიდანაც, როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს ანტონიო კონტე წავა. გაიხსენეს ისიც, რომ შარშან ზუაფხულში, „როდესაც” არსენალი ჭოჭმანობდა გაეშვა თუ არა თანამდებობიდან არსენ ვენგერი, მისი შეფები ალეგრის უსინჯავდნენ ნიადაგს.