ამბობენ, რომ „ლივერპულის” ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა „რეალს” ორი პირობა წაუყენა. თუ ამ პირობებს დამიკმაყოფილებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვალო.
ის რომ სალაჰი პრემიერლიგაში ზღაპრულ სეზონს ატარებს, ფაქტია და არც ის არის საიდუმლო, რომ ევროპის დიდი კლუბები მის ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. კვირას, „სელჰარსტ პარკზე” 25 წლის გარემარბმა „კრისტალ პალასს” გამარჯვების გოლი შეუგდო (2:1) და მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 37-მდე გაზარდა.
ცხადია, მერსისაიდელებს სალაჰთან განშორება ხელს არ აძლევთ, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხას გაიმეტებს მყიდველი გუნდი. „რეალი” ეჭვი არ არის, გვარიანი თანხის გადამხდელია.
ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ მადრიდელებს სალაჰზე მეტად მაინც ედენ აზარის და ნეიმარის ყიდვა უნდათ, თუმცა ესპანური „დონ ბალონი” სალაჰის ვარიანტს მიიჩნევს უფრო აქტუალურად.
რაც შეეხება ორ პირობას, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ:
პირველი რაც გავრცელებული ხმების მიხედვით ეგვიპტელმა „რეალს” მოსთხოვა გუნდში წამყვანი როლია — მას, როგორც ჩანს გარეთ ბეილის მაგალითი აშინებს; არ უნდა კრიშტიანუ რონალდუს ჩრდილში აღმოჩნდეს — ხოლო მეორე მოთხოვნა ვეებერთელა ხელფასი გახლავთ, რონალდუს გასამრჯელოს ტოლი.
ამბობენ, რომ თუკი „ლივერპული” სალაჰს შეელევა, ის 160 მილიონ გირვანქას ანუ 182,6 მილიონ ევროს მოითხოვს.