ბუდუ ზივზივაძე ტორპედოსთან დუბლით გამოირჩა                                                                     ბადრი კეთილაძის ფოტო

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო „საბურთალომ“ და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. სხვათა შორის, ამდენივე ტურის შემდეგ ის შარშანაც პირველ ადგილზე იდგა, ოღონდ მაშინ სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა. საბურთალოელებმა ამჯერად დიმიტრი ტატანაშვილისა და გაფრანგებული ბრაზილიელის, ვაგნერის გოლებით იმარჯვეს. მათმა მეტოქე „რუსთავმა“ კი ისევ ვერაფრით გამოიჩინა თავი, ყრუ დაცვა ითამაშა, ინგლისელების არ იყოს, მოწინააღმდეგეს კარში “ავტობუსი ჩაუყენა“ და შეხვედრა სანახაობრივადაც გააფუჭა. ფაქტია, რომ ახალმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა ჯერ ვერ მოახერხა გუნდის გამართვა. სეზონის წინ, სატრანსფერო აქტიურობის შემდეგ, მათ ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ აშკარად რაღაც ვერ აეწყო. ჩემპიონატი ჯერ ახალი დაწყებულია და გუნდი უკვე სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, რუსთაველთა შარშანდელი საუკეთესო მოთამაშე დათა სიჭინავა ცოტა ხნის წინათ მარტვილის „მერანში“ გაანათხოვრეს, ახლახან მას გამოცდილი შუახაზელი ირაკლი კლიმიაშვილი მიჰყვა და „ბათუმიდან“ გადაბარგებული მიხაილ გორელიშვილიც, რომელმაც ჯერ კიდევ გორის „დილაში“ კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ახლა ძნელი სათქმელია, ეს ცვლილებები მწვრთნელის ახირებებია თუ სტრატეგია, რომელიც მომავალში უკეთეს შედეგს მოიტანს. სინამდვილე კი ასეთია – ოთხი ტურის შემდეგ „რუსთაველებს“ ერთი მოგება, სამი წაგება აქვთ და ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.
პირველი ქულა მოიპოვა თბილისის „ლოკომოტივმა“. რკინიგზელები ვაკეში საჩხერელებს დაუზავდნენ, თუმცა შეხვედრა ძალიან უხეში გამოდგა, ქუთაისელმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა 11 ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთიც გააძევა. „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა მცველმა გიორგი გაბაძემ კი თავისებური ანტირეკორდი დაამყარა – ერთწუთიან მონაკვეთში, თითქმის ერთსა და იმავე ადგილას, ორჯერ იუხეშა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. ხშირად გინახავთ ასეთი რამ?
ფოთის „კოლხეთმა“ პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და თანაც ვისთან, ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატ „სამტრედიასთან“. დუბლი მიითვალა რუსეთიდან დაბრუნებულმა ვლადიმირ გოგბერაშვილმა.
ამ ტურში კიდევ ერთი დუბლი შესრულდა და ის დინამოელი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ. საერთოდ წლევანდელ სეზონში ჯამში შვიდი დუბლია შესრულებული.
„კოლხეთი“-„სამტრედიას“ მატჩის ბოლოს კი ძალიან უცნაური ეპიზოდი ვიხილეთ. ფოთელი გიორგი კახელიშვილი სამტრედიელ ანრი ნდონგს მიუახლოვდა და როგორც დავინახეთ, მეგობრულად წაუთაქა, ამაზე გაბონელი გადაირია და მეტოქეს მუშტები მიაყარა. ერთი ხანი მონასტერი აირია, მაგრამ მალევე ყველაფერი მიწყნარდა…

გორში „დილამ“ „სიონს“ დიდწილად ლეგიონერების წყალობით მოუგო. სამიდან თითო გოლი განელმა იუსუფუ ლამპტიმ და უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანეს, ჰოლანდიელი ალვინ ფორტესი კი ორი საგოლე პასით გამოირჩა.
ტურის მთავარი მატჩი კი კვირას „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც თბილისის „დინამომ“ „ტორპედოს“ 2:0 მოუგო და შარშანდელი სირცხვილისთვის ნაწილობრივ მოიწმინდა პირი. გეხსომებათ, წინა სეზონის ბოლო ტური, როცა უკანასკნელ წუთზე ოთარ კიტეიშვილს როინ კვასხვაძემ პენალტი აუღო და შედეგად ჩემპიონები ქუთაისელები გახდნენ. ამჯერად ვნებათაღელვა ისეთი აღარ ყოფილა. „დინამომ“ აჯობა „ტორპედოს“ და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვინც ამ შეხვედრას უცქირა, დაგვეთანხმება. ტემპი ძალიან მაღალი იყო და თამაში საცქერად ღირდა. ასეთი რამ ჩვენს ჩემპიონატში ნამდვილად იშვიათია. ორივე გოლი დანიური „ესბიერგიდან“ ერთწლიანი იჯარით „დინამოში“ მყოფმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ეს ბუდუს მეშვიდე დუბლია საქართველოს ჩემპიონატებში და პირველი „დინამოს“ მაისურით. დანარჩენი ექვსი მან დანიაში წასვლამდე, სამტრედიელთა რიგებში ყოფნისას მიითვალა.

IV ტური: ლოკომოტივი 1:1 ჩიხურა, რუსთავი 0:2 საბურთალო, დილა 3:2 სიონი, დინამო 2:0 ტორპედო, სამტრედია 0:2 კოლხეთი

საბურთალო          4 4 0 0 11:2 12
დინამო                4 3 0 1 10:4 9
ჩიხურა                4 2 2 0 9:3   8
დილა                  4 2 1 1 7:7   7
ტორპედო             4 2 0 2 7:5  6
სიონი                  4 1 1 2 4:6  4
კოლხეთი             4 1 1 2 4:10 4
რუსთავი              4 1 0 3 2:5  3
სამტრედია           4 1 0 3 3:7  3
ლოკომოტივი       4 0 1 3 3:11 1

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 4