სხვა შედეგს არც ველოდით. ოლიმპიურმა, ორგზის მსოფლიო და აწ უკვე ევროპის სამგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატს ქართული წერტილი დაუსვა!

ლაშა ამჯერად რეკორდებს არ შეჭიდებია და ალბათ ამას ყაზახეთში ზაფხულში გასამართ მსოფლიო პირველობაზე უნდა ველოდეთ. ჩვენებურის უპირატესობა ამის გარეშეც კოლოსალური იყო. ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა კიდევ ერთმა ჩვენმა გამოცდილმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ. ოთხი ოქროს მედლის მომგებმა საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტი ტრიუმფით მოიარა. ჯერი ასტანაში გასამართ წლის უმთავრეს ტურნირზეა.