„გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სამირ ნასრის? იმიტომ, რომ ის იდიოტია. აი, ასე მკაფიოდ და მარტივად შემიძლია გამოვხატო მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე მას არასდროს ვცემ პატივს” — თქვა „სანდი ტელეგრაფთან” ინტერვიუში 26 წლის განელმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა რომელიც ამჟამად კვიპროსის „ერმის არადიპოუში” თამაშობს, ადრე კი „არსენალში” გამოდიოდა და ნასრის სწორედ იქიდან იცნობს.

ფრიმპონგმა მოყვა, რომ ფრანგთან პირველი კონფლიქტი 2011-12 წლების სეზონში მოუვიდა. ეს მოხდა „ლივერპულთან” 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ. იმ შეხვედრის 70-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, განელი მოედნიდან გააძევეს. მაშინ ის 19 წლის გახლდათ.

„მატჩის შემდეგ გასახდელში შევედით. ველოდი, რომ არსენ ვენგერი ძალიან გაბრაზებული იქნებოდა, მაგრამ ის გასაოცრად მშვიდად იქცეოდა. სამაგიეროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო ნასრი დამესხა თავს. მან გამომიცხადა, რომ გუნდმა ჩემ გამო წააგო. მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ყველას ვუღალატე, ის კი ჭრილობაზე მარილს მაყრიდა.

იმ პერიოდში ნასრი ჩემთან დაპირისპირების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. ისიც კი მითხრა, მე შემიძლია გიყიდოო. მაშინ მართლა შეეძლო ჩემი ყიდვა, მაგრამ რა სათქმელი ეს იყო”.

საინტერესოა, რომ „ლივერპულთან” ხსენებული მატჩიდან ოთხ დღეში(!) ნასრი „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. გავიდა ცოტა ხანი და „ქალაქელები” „მეთოფეებს” ლიგის თასზე შეხვდნენ. იმ შეხვედრაში ფრიმპონგმა ნასრის ყელში სტაცა ხელი.

„იმ დღეს მაყურებელმა ვერ გაიგო, რატომ წავეკიდეთ მოედანზე ერთმანეთს”, — იგონებს განელი.