ამას წინათ რუბრიკაში „თვალთვალი“ ჩვენი ფოტორეპორტიორის ბადრი კეთილაძის ის ფოტო შემოგთავაზეთ, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების აცრემლებული შერკინების ბურჯი ლევან ცაბაძე რუსეთთან ერთ-ერთი ძველი დაპირისპირების დაწყებამდე, თანაგუნდელებთან ერთად ეროვნული ჰიმნის მოსმენისას არის აღბეჭდილი. ემოციური ფოტოა.
ფოტოზე მკითხველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „აკა მორჩილაძეს ჰქონდა მაგარი სვეტი, რუმინეთში რო მოვუგეთ რუმინელებს. ლეონსიო რო ტრავმის რისკზე წავიდა“.
„სარბიელის“ არქივი უამრავ ფოტოსა თუ წერილს ითვლის და ცხადია, ჩვენი გიოს ის სტატიაც მოვიძიეთ, რომელიც მკითხველმა ითხოვა. ქართველის დაბრუნება – ასე არის დასათაურებული 07.10.2001 -ის გაზეთ „სარბიელში“ გამოქვეყნებული წერილი.
თავის მხრივ წერილი მთავარმა გმირმა ლევან ცაბაძემ დააკომენტარა: „მადლობა ბატონ გიორგი ახვლედიანს. კოტიტა და მოქნილი ძალიან მომეწონა, მადლობა თქვენც რაგბი რომ გიყვართ და აფასებთ. ამ პერიოდში საქართველოში არ ვცხოვრობდი და ეხლა წავიკითხე“, – წერს ლევან ცაბაძე.
ასე გადაეჯაჭვა – ბადრი კეთილაძის ფოტო, მკითხველის კომენტარი, აკა მორჩილაძის, იგივე გიო ახვლედიანის წერილი, ლევან ცაბაძის რეაქცია… ჩვენ კი ჯაჭვს ერთი რგოლიც გადავაბით და ფოტოთი და წერილობით მოთხრობილი ამბის გახსენება თავად ლევან ცაბაძეს ვთხოვეთ:
– ბადრი კეთილაძის ფოტო ნანახი კი მქონდა, მაგრამ გიო ახვლედიანის დაწერილი აქამდე არ წამეკითხა. იმ პერიოდში საფრანგეთში ვთამაშობდი, რუმინეთში მატჩის შემდეგ კი პირდაპირ კლუბში გავემგზავრე. კი, უთქვამთ, რომ „სარბიელში“ ჩემს შესახებ ასეთი სტატია იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ის ნომერი ვეღარ ვიშოვნე. „სარბიელის“ აღდგენის ამბავი ახლახან გავიგე, მერე ის წერილიც ვნახე და… გავიხარე „სარბიელის“ დაბრუნებით და იმ წერილის წაკითხვით, რომლიც გაზეთში დიდი ხნის წინ იყო გამოქვეყნებული. ვისიამოვნე. ვფიქრობდი, რომანს ვკითხულობდი, სიამაყის გრძნობა დამეუფა, დადებითი ემოციით დავიმუხტე…
– რუმინეთში იმ მატჩს როგორ გაიხსენებთ?
– მაშინ მსოფლიო თასზე თამაშზე ვოცნებობდით და მიხარია, რომ ჩვენმა თაობამ მოახერხა ამ ოცნების ასრულება. რუმინეთში თამაშის მნიშვნელობაც ყველამ კარგად ვიცოდით და მოსაგებად თავი არ დაგვიზოგავს. დავშავდი, მაგრამ ისეთ ეშხში ვიყავი შესული, ისე ვიყავი დამუხტული და გახურებული, ტრავმის სიმძიმე ვერც გავიგე. ექიმებმა მიწამლეს და მაშინვე მოედანზე დავბრუნდი. მსიამოვნებდა, რომ ვთამაშობდი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი…
– რუსეთთან მატჩის წინ გადაღებულ ფოტოზე რას იტყვი?
– ეგ ფოტო მახსოვს, ბადრი კეთილაძის ობიექტივშიც ხშირად მოვხვედრილვარ. ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოა. მეომრის ცრემლია აღბეჭდილი. დიახ, მეომრები ვიყავით, რომლებიც რუსებთან ვიბრძოდით და ჩვენს სათქმელს მოედანზე ვამბობდით. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა გვქონდა. რუსებთან სარაგბო დაპირისპოირება ახალდაწყებული იყო, თუმც მაშინაც აშკარად ვჩაგრავდით. მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ფრე, იმ მატჩში რუსებს რამდენიმე სამხრეთაფრიკელი ჰყავდათ. რუსებთან ჩვენი ყველა გამარჯვება ხალხის დამსახურებაა. ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით ქომაგის მხარდაჭერას, ისეთი შეგულიანებულები ვიყავით, რუსები რას დაგვიდგებოდნენ… ჩვენი ყველა მოგება სწორედ ხალხის დამსახურებაა…
– და ბარემ, ერთი-ორი სიტყვა დღევანდელ თაობაზეც გვითხარით… მორაგბეებს მხარდაჭერა არც ახლა აკლიათ.
– ბრწყინვალე თაობა მოდის და რაგბიც ვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაცილებით წინ უნდა ვიყოთ… დღეს მორაგბისთვის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ყველა პირობაა, ფინანსური მხარე, ინფრასტრუქტურა, გასაქანი, არჩევანი… ჩვენ კი ელემენტარულად, სათამაშო მოედანი და მაისურა არ გვქონდა. ახლანდელი პირობები არც კი გვესიზმრებოდა. 3-4 მორაგბე ვიყავით ევროპაში, დანარჩენები კი საქართველოში თამაშობდნენ, დღეს – პირიქითაა… ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს უფრო წინ უნდა ვიყოთ.