კარლსენი – კარიაკინი, ახლა კი  კარლსენი – კარუანაც: ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მეორე ფინალი კაკანის ფონზე ჩაივლის. 10 ნოემბრიდან, ლონდონში, აწ უკვე საჭადრაკო აზრის გიგანტი ნორვეგიელი და ჭკვიანური მზერის და ფანტასტიური საჭადრაკო ერუდიციის მქონე იტალოამერიკელი გამართავენ პლანეტის უმთავრესი საჭადრაკო მოვლენის დასკვნით შეტაკებას.

ბერლინში, კანდიდატთა ტურნირი სწორედ ფაბიანო კარუანამ მოიგო და მოიგო ფრიად სუვერებულად: 5 პარტიაში იმარჯვა, ცალი წააგო, 8 კი ყაიმით დაასრულა და უახლოეს მდევრებს მთელი ქულით გაუსწრო.

კარუანამ ერთპიროვნული ლიდერობა მე-7 ტურიდან მოიპოვა, თუმც მე-12-ში ფეხი აერია და რუსი სერგეი კარიაკინი წამოეწია. ბოლოსწინა ტურის პარტია კარუანამ რატომღაც ცხრილის ფსკერზე მყოფ ლევონ არონიანს მოუგო, ხოლო კარიაკინმა ფილიპინოამერიკელ უესლი სოს გაუყო ქულა და ეს კარუანას ხელახალ, ამჯერად უკვე საბოლოო წინგავარდნას ნიშნავდა.

დასკვნით და დრამატულ მე-14 ტურში კარუანას უახლოესმა მდევრებმა ისევ ყაიმით დაასრულეს თავიანთი შეხვედრები და ლიდერის ტრიუმფს ყაიმიც ეყოფოდა, მაგრამ კარუანამ შავებით რუს ალექსანდრ გრიშჩუკსაც სისხლი გაუშრო და პარტია 69-ე სვლაზე მოუგო. ხასიათი: დიახ, ეს ის გახლავთ, რაც კარუანას სანოემბრო გამოცდას მაგნუს კარლსენთან ჰაერივით დასჭირდება. სახით მოკრძალებული იტალოამერიკელი დიახაც კუშტი მოჭადრაკე ჩანს…

ტურნირის საპრიზო ფონდი 420 ათასი ევრო იყო და გამარჯვებულმა 95 ათასი მიიღო.

პრეტენდენტთა ტურნირის დასკვნითი ცხრილი:

1. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 9 ქულა
2. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 8
3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 8
4. დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 7,5
5. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 6,5
6. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 6,5
7. უესლი სო (აშშ) – 6
8. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4,5

წილი
წინა სტატიაბავარიული ცარცის წრე
შემდეგი სტატიაშარი შარიჩი
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.