ლეო მესიმ მის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრების რბევას ვეღარ გაუძლო და თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დატოვა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოს” ლოჟა. ესპანელებმა, რომელთაც პროგნოზების მიხედვით მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ეყოლებათ, „ალბისელესტეს” 6:1 გადაურბინეს.
მესი, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერში, იტალიის ნაკრებთან შეხვედის (2:0) დროს, კუნთის მსუბუქი ტრავმის გამო არ თამაშობდა. ბუნებრივიცაა, თავიანთი საუკეთესო მოთამაშის ჯანმრთელობას ვერც არგენტინელები დააყენებდნენ რისკის ქვეშ და „ბარსელონას” ხომ მისი სხვა გუნდში, თუნდაც ნაკრებში, თამაში საერთოდ არ ეპიტნავება.
ესპანელთაგან არგენტინის ნაკრების კარში გოლები გაიტანეს დიეგო კოშტამ, ტიაგო ალკანტარამ, იაგო ასპასმა, ხოლო ისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ალბისელესტეს” ერთადერთი გოლი ნიკოლა ოტამენდიმ ჯერ კიდევ 2:0-ის დროს შეაგდო.
სერხიო რამოსმა „ლა როხას” შემადგენლობაში 150-ე შეხვედრა ჩაატარა.
ჟურნალისტების საგანგებო ყურადღება ისკოს ჰეთ-თრიქმა მიიპყრო. ესპანურ გაზეთებში დაიწერა, რომ „რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი მას უსამართლოდ ეპყრობა, რადგან შემტევი ნახევარმცველი რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია. ეს თემა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზეც წამოიჭრა. ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ თქვა:
„მადრიდის „რეალსა” და ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც ისკოს დღევანდელმა თამაშმა ამიხილა თვალი, ამ ფეხბურთელის ნიჭის ამბავი აქამდეც კარგად ვიცოდი და მიხარია, რომ ის ჩვენი ნაკრების წევრია. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატამდე დარჩენილ ორ თვეში ის მადრიდში ბედნიერად იგრძნობს თავს”.
არგენტინის ნაკრების თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ კი საშინელ მარცხზე პასუხისმგებლობა თვითონ აიღო.
„ფეხბურთელებისკენ თითს ნუ გაიშვერთ. პასუხისმგებლობა ჩემზეა. დღეს გუნდებს შორის სხვაობა ისეთივე დიდი იყო, როგორც ანგარიში. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი რამ არ უნდა მოხდეს“, — თქვა სამპაოლიმ.