
ამხანაგური შეხვედრების კვირეული დასრულდა. ყველამ თავის კბილასთან მოსინჯა ძალა. ამხანაგური შეხვედრების მორიგი ტალღა მაისის ბოლოდან დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები ბოლო ტესტებს გამართავენ.
როგორც წესი, მზადების დასკვნით ეტაპზე ფინალური ეტაპის მონაწილეები მის მიღმა დარჩენილებთან ამხანაგობენ და არა სავარაუდო მეტოქეებთან.
ასეთი ტესტ-მატჩები ხშირად ბოლო მომენტში – ორი კვირით ან ერთი თვით ადრე იგეგმება, რადგან პრომოუშენისთვის დროს არ საჭიროებენ და მცირე ტევადობის სტადიონებზე იმართება. აქ იყო და, ალბათ, ჯერაც არის ჩვენი შანსი, შედარებით ძლიერ მეტოქესთან გავჩარხოთ შეხვედრა.
ასეთი მატჩების ორგანიზებისთვის რომელიმე ფედერაციასთან ინტერნეტურთიერთობა არ კმარა. თუ საჭიროა, ფეხბურთის ფედერაციამ ავტორიტეტული და მარიფათიანი აგენტებიც უნდა ჩართოს საქმეში. ეს ის შემთხვევაა, როცა მიზანი ამართლებს ფინანსურ დანახარჯს.
ლუქსემბურგის ნაკრებთან ივნისში დაგეგმილი შეხვედრა და სავარაუდო გამარჯვება მორალურ კმაყოფილებას კი მოგვგვრის, მაგრამ იმ ლაკმუსად ვერ გამოდგება, ყველა მინუსს თვალნათლივ რომ დაგვანახებს.
მთავარია, ფეხბურთის ფედერაციამ სერიოზულად მოინდომოს და მსოფლიოს ტოპ-ოცეულიდან რომელიმეს კალენდარში ერთი ტესტის ჩამატება სულაც არ არის ზერთული მისია.