„ფრანს ფუტბოლი” წერს, რომ ლუსიენ ფავრი სეზონის ბოლოს „ნიცადან” მიდის. ფრანგულ კლუბთან მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა, მაგრამ ეს საკითხი 3 მილიონი ევროს გადახდით გვარდება.

„ნიცას” ხელმძღვანელები 60 წლის შვეიცარიელს ელაპარაკნენ და მხარეებმა გადაწყვიტეს „მშვიდობიანად დაცილებოდნენ” ერთმანეთს.

ლუსიენ ფავრი და მარიო ბალოტელი

ფავრის „ნიცადან” წასვლა ყველაზე მეტად ბუნდესლიგის კლუბებს აინტერესებთ. „ბაიერნი” და „დორტმუნდი” ჯერაც ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

ფავრის „დორტმუნდში” გადასვლაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო ლაპარაკი, მაგრამ მაშინ შვეიცარიელი ფრანგულ კლუბში დარჩა, თუმცა ამ დარჩენის სანაცვლოდ კონტრაქტში მისი შეწყვეტის პუნქტი ჩააწერინა.

„დორტმუნდის” პარალელურად ფავრის გადაბირებაზე ფიქრობენ ბავარიაშიც. მის მიწვევას ჯერ კიდევ პეპ გვარდიოლამდე, 2013 წელს აპირებდნენ. ის ფეხბურთელობისას „სერვეტში” „ბაიერნის” აღმასრულებელ შეფთან კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად თამაშობდა.

„ბაიერნის” ხელმძღვანელობას მოსწონს ისიც, რომ შვეიცარიელმა „ნიცაში”, კერძოდ მარიო ბალოტელისთან ურთიერთობაში დაამტკიცა, რომ ჭირვეულ ვარსკვლავებთან ურთიერთობა ეხერხება, ჭირვეული ვარსკვლავების მოთოკვა კი მიუნხენში ხშირად ქცეულა მტკივნეულ თემად.

და ბოლოს, ლუსიენ ფავრი თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად.