ორი დღის წინ სხვა ნაკრებებთან ერთად რუსეთისა და ბრაზილიის ეროვნულმა გუნდებმაც იამხანაგეს. სამხრეთამერიკელებმა 3:0 იმარჯვეს, თუმცა ახლა ეს არაა მთავარი.
მატჩამდე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ბრაზილიელებთან დაპირისპირებების სტატისტიკა ამოქექეს და განსაკუთრებით „მარაკანაზე“ მოპოვებული გამარჯვება გამოარჩიეს – რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი სახელოვანი ფურცელიაო. გული დამწყდა. თითქოს ჩემიანები დამიჩაგრეს და კიდევ რაღაცას გვართმევენ…
1980-ში სულ რაღაც 9 წლის ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ მამაჩემი რაღაც განსაკუთრებულ მატჩს ელოდა. ბუნებრივია, ბრაზილიიდან რეპორტაჟი არ ყოფილა, მაგრამ უთენია მთელმა თბილისმა იცოდა, რომ „ჩვენებმა“ ბრაზილიელებს მათსავე „მარაკანაზე“ 2:1 მოუგეს და ორივე გოლი „ჩელემ“ გაიტანა…
მოგვიანებით ანგარიში დადასტურდა, თუმცა ჩელებაძის დუბლი რეალობად გასაღებული სურვილი აღმოჩნდა. იმ შეხვედრაში ჩელებაძის გარდა, სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძეც იყვნენ. ამ სამ ქართველს უკრაინელი ვლადიმირ ბესონოვი და ვადიმ ევტუშენკო, აგრეთვე სომეხი ხორენ ოგანესიანი დაუმატეთ და რამდენად რუსული ფეხბურთის გამარჯვება გამოდის, თავად განსაჯეთ.
ახლა ჩვენით ვიამაყოთ. სსრკ-ისა და ბრაზილიის 7 დაპირისპირებიდან უქართველოდ მხოლოდ სულ პირველმა (1958 წ) ჩაიარა, ყველა სხვა შეხვედრაში კი სხვადასხვა დროს აუცილებლად მონაწილეობდნენ „საბჭოთა ბრაზილიელი“ ქართველები: მესხი, მეტრეველი, სიჭინავა, ბარქაია, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ხინჩაგაშვილი, მაჩაიძე, ჩივაძე, სულაქველიძე, დარასელია, შენგელია და არ ყოფილა შემთხვევა, მოედანზე ერთდროულად ორი ქართველი მაინც არ გასულიყოს.
ჩემო პატივცემულო ჩრდილოელო კოლეგებო: თუ დაიკვეხნით, ჩვენების ბიჭობაცა თქვით.