ჟოზე მოურინიუ და პოლ პოგბა ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამბობენ, რომ უფრო პოგბაა გაბუტული. ფრანგი ნაწყენია, რადგან პორტუგალიელი ინგლისურ გუნდში რეგულარულად აღარ ათამაშებს. თურმე, როდესაც პოგბას ხელმძღვანელებთან რამე საქმე აქვს, მწვრთნელის ასისტენტ რუი ფარიას მიმართავს ხოლმე.
პოგბას აგენტი მინო რაიოლა მზად არის საქმეში ჩაერთოს. ის ხედავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცისა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ურთიერთობა ვეღარ გამოსწორდება.
პოგბას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელ დიდიე დეშამს სიამოვნებს. სადაცაა მსოფლიოს ჩემპონატი დაიწყება და „ლურჯების” თავკაცს ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი კარგ ფორმაში სჭირდება.
მოურინიუმ პოგბა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „სევილიას” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არც შინ ათამაშა და არც სტუმრად. ფრანგს ფაქტობრივად მონაწილეობა არ მიუღია ბოლო პერიოდის სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებშიც. ამბობენ, რომ მისი თამაშითა და საქმისადმი დამოკიდებულებით ზოგი თანაგუნდელიც უკმაყოფილოა.
არსებობს მნიშვნელოვანი კომერციული ფაქტორიც: 2016 წელს პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედმა” 89 მილიონ გირვანქად იყიდა, ამ ზაფხულზე კი მისი გასაყიდი ფასი 200 მილიონის ფარგლებში იტრიალებს. ამბობენ, რომ ნახევარმცველის შეძენის სურვილი აქვთ „რეალს”, „პარი სენ ჟერმენს” და მის ყოფილ კლუბ „იუვენტუსს”. შესაბამისად, ერთი ჭირვეული ფრანგის თავიდან მოშორებით მანჩესტერელებს რამდენიმე კარგი ფეხბურთელის შესაძენის საშუალება გამოუჩნდებათ.