ბერლინში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატთა ტურნირზე, მეთორმეტე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში დიდი გადანაცვლებები ჩანს. პრედენდენტთა წინა ტურნირის მომგებმა რუსმა სერგეი კარიაკინმა, რომელსაც მე-7 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა და ბოლო ადგილზე მიხოხავდა, სადღაც ჟანგბადის დიდი მარაგი გამოძებნა და მძლავრი ამოსუნთქვებით ოთხი პარტიის მოგება მოახერხა, რამაც იგი იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანასთან ერთად ცხრილის თანალიდერიც გახდა.

კარუნას აღმასვლაც მე-7 ტურიდან დაიწყო, როცა მან სომეხ ლევონ არონიანს შავებით მოუგო და ცხრილის სათავეში მარტოდმარტო მოკალათდა. კარუანა უახლოეს მდევარ შაჰრიარ მამედიაროვს ნახევარი ქულით უსწრებდა და 5 ტურიც თანაბრად მიაბიჯებდნენ. მდევრები ერთმანეთს მე-10 ტურში გადაეყარნენ, აზერბაიჯანელს თეთრი ფიგურები ჰყავდა და მძიმე ბრძოლაც გაუმართა მეტოქეს, თუმც 58-ე სვლაზე დაფაზე შავ-თეთრი მეფეები დარჩა და ზავიც გაფორმდა.

მე-12 ტურში კარუანა შავებით კარიაკინს დაუპირისპირდა. რუსმა პარტია კლასიკური E4-ით დაიწყო, მხედარი და პაიკი გაუცვალა მეტოქეს და ლაზიერის და ეტლის დუეტიც საიერიშოდ მოამზადა. მე-11 სვლაზე კარუანამ მხედრები გაცვალა, ცენტრში ორი პაიკი გამოიყვანა და მატერიალურადაც ხარისხით დაწინაურდა. მაგრამ კარიაკინი მეფისფლანგურმა შეტევამ 31-ე სვლაზე მატერიალური წონასწორობა აღადგინა. კარიაკინმა G-პაიკი დაძრა ჩასათვლელი ხაზისკენ, რომელსაც ლაზიერი და H-პაიკიც უმაგრებდნენ ზურგს. კარუანამ რეზერვებს მეფის ფრთისკენ უხმო და კარიაკინმა მყისიერად ლაზიერის ფრთის პაიკები დაძრა საიერიშოდ. 48-ე სვლაზე ყოველი მხრიდან სულშეხუთული კარუანა დანებდა და მეტოქე ცხრილშიც გვერდით ამოიყენა.

დამარცხდა მამედიაროვი და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. მან თეთრებით დინ ლიჟენთან 43-ე სვლაზე წააგო.

ალესანდრ გრიშჩუკმა არონიანს გაუყო ქულა, ხოლო ვლადიმირ კრამნიკმა უესლი სოს. ტურნირის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა. დაძაბულობა პიკზეა.

სატურნირო ვითარება 12 ტურის შემდეგ:

1. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 7 ქულა
2. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 7
3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 6,5
4. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 6,5
5. დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 6,5
6. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 5,5
7. უესლი სო (აშშ) – 5
8. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4

წილი
წინა სტატიაფედერერი ზაფხულამდე წავიდა
შემდეგი სტატიატოჩინოშინის ორი მილიონი
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.