ჰოსპიტალში
მაიამი ბიჩის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რომ კვდებოდა, ჭაღარა, კეთილთვალება ზანგი, ცალი თირკმელი სულ არ ჰქონდა, მეორე კი ვეღარაფერში ეხმარებოდა. მერე ზანგი აღესრულა. ეს იყო ზუსტად ორი წლის წინათ, განსვენებული 59 წლისა იყო და მაიამურმა ტაბლოიდებმა ნახევარსვეტიანი ნეკროლოგები მიუძღვნეს მის განვლილ ცხოვრებას.
სპორტში ხშირად ხდება ხოლმე ასე და არც კრივია გამონაკლისი: ჩვენს გვერდით დიდი კაცი გაჩნდება ხოლმე, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამოისობით მას ძნელად ვამჩნევთ. ალბათ, ღმერთს არ მოუმადლებია მისთვის ყვირილის, ხალხში ტრიალის, შოუმენობის ნიჭი. ხშირად ასეთი კაცი ათასებში ჩაიკარგება ხოლმე თავისი სიჩუმის წყალობით. მისი ოსტატობა და არტისტიზმი კი მხოლოდ ერთეულებისთვის რჩება სამახსოვრო.
ის ზანგიც ასეთი გახლდათ. მას ლუის როდრიგესი ერქვა და მაიამიში კუბიდან გადმოაბარგებულიყო.
პროფესიული კრივის ერთ-ერთი საშულო წონაში, „ველთერში” მოღვაწეობდა. 60-იან წლებში და როგორც იმ დროის საკრივო მწერლები ოხუნჯობდნენ, ლუისი იყო საუკეთესო ვინმე კუბის რევოლუციამ რომ გადმოისროლა ამერიკაში.
უკან მოსახედიც ჰქონდა: 121 ბრძოლა, აქედან 107 გამარჯვება, აქედან ნახევარზე მეტი ნოკაუტით. მაგრამო, იტყვის კრივის მავანი ლირიკოსი, ეს მხოლოდ ის არის, რაც ნებისმიერ საკრივო ცნობაში წერია როდრიგესის გვარის გასწვრივ და მეტი არაფერიო. ჩვენც მანდა ვართ. სტატისტიკა საჭირო მეცნიერებაა, მაგრამ კაცის ცხოვრებას ვერ აღწერს.
ყოფა და ბუნება აწგარდაცვლილი კუბელისა კი ნაღდად იმსახურებს გახსენებას.
ის ჩემპიონიც იყო. ჩემპიონი(ც). მაგრამ ტიტულებითაც ვერ აღწერ ამ წყნარი კაცის ცხოვრებას.
მხიარული და მაგარი
ვის, ვის და, საკრივო საქმე ანჯელო დანდის მოეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ამ სახელოვან მწვრთნელს მუჰამედ ალი – კასიუს კლეი გაუზრდია. ვიცი, რომ დანდი ბიჭს შეხედავდა და სათვალის სწორებით წაიბურტყუნებდა: „მე ამისგან გავაკეთებ…“ ლუის როდრიგესი პროფესიონალად კუბაზე შეიქნა, მაგრამ 1959 წელს, 22 წლისა ამერიკაში ჩამოვიდა, რახან ხედავდა, რომ სიერამაესტრა მთებიდან ჰავანაში შემოვარდნილი ფიდელის ლაშქარი მის პროლიცენზიას თავზე გადაახევდა.
ამერიკაში პირველი ჩხუბი „ველთერის“ ოდინდელ ჩემპიონ ვირჯილ აკინსს გაუმართა და ქულებით მოუგო. ამის შემდეგ როდრიგესი ანჯელო დანდის ხელში აღმოჩნდა. კარიერის უკეთესი წლები სწორედ მის ხელში გაატარა.
დანდის შეუძლია საათობით ილაპარაკოს ლუისის შესახებ. მოხუცმა ხომ ყველაფერი იცის, მას ყველაფერი ახსოვს.
ანჯელო დანდი: „ოქრო, ოქრო ბიჭი იყო. საუცხოო ადამიანი. ერთი ხალისი იყო მის გვერდით ყოფნა. ალის ძალიან უყვარდა, რადგან ლუისი მოცინარი და მხიარული ვინმე იყო. მე ასე მგონია, რომ ალიმ ბევრი რამ შეითვისა მისი ხასიათიდან, როცა ლუისზე ვლაპარაკობ. ჯერ კაცი მახსენდება, მერე მისი საკრივო ოსტატობა. იმგვარი ხასიათი ჰქონდა, რომ ჯერ მისი მოცინარი სახე დამიდგება ხოლმე თვალწინ, მაგრამ ის გამორჩეული მოკრივე იყო. ასეთები ახლა აღარ არიან. იშვიათია ასეთი ტექნიკა და არტისტიზმი, ასეთი სისწრაფე.
ის მოწინააღმდეგეს სწორედ თავისი არტისტიზმით და მოუღლელობით თრგუნავდა, ერთხელ ჰურაკან კარტერმა რომ ვერაფერი მოუხერხა, წელზე შემოაჭდო ხელები და რინგიდან გადააგდო.
ვინ იყო ლუისი? „ველთერის“ ტანხმელი მოკრივე, მისი თავისებურება ის გახლდათ, რომ ყველასთან შეეძლო კრივი. განა ეს ბევრს ხელეწიფება? წონაში რომ მოიმატა და საშუალო წონის დივიზიონში გადაბარგდა, არავისთან ერიდებოდა ჭიდილს. ვინც კი ძაან ბიჭი იყო საშუალო წონაში, ყველას ეკრივა. ჰურაკანს აჯობა, ბენი ბრისკი ორჯერ წააქცია… კაცი იყო, ნამდვილი მებრძოლი…”
ბედი და იღბალი
ის არ იყო ხმაურიანი კაცი. იგებდა და აგებდა. სხვას უკეთ გამოუვიდოდა საჩემპიონო საქმე, მას კი თავისი ფიქრები ჰქონდა. რომში რომ ეკრივა ნინო ბენვენუტის, 60-იანი წლების საშუალო წონის მეფეს, მისი ცხოვრების და ხასიათის საუცხოო გამოხატულება იყო.
ნინო ბენვენუტი იტალიური კრივის სიმბოლო იყო, საჩემპიონო ბრძოლა რომში ტარდებოდა, რეფერიც იტალიელი იყო.
არ არსებობს ლუის როდრიგესის მომრევი კაცი ხანგრძლივ, მომქანცველ ბრძოლაში. ლუისი არ იღლებოდა. თუ ის თავის ტაქტიკას არ უღალატებდა, უეჭველად გაიმარჯვებდა.
რომში ასე იყო: მერეღა დათვალეს – თორმეტრაუნდიანი ბრძოლის თერთმეტი რაუნდი როდრიგესს პირწმინდად მოეგო ბენვენუტისთვის.
მეთერთმეტე რაუნდი რომ დამთავრდა და ლუისი კუთხეში ჩამოჯდა, დანდიმ ყურში ჩაჰყვირა: „ასე გააგრძელე! მშვიდად დაამთავრე! მოგებული ხარ!“ მაგრამ კუბელმა თავი გააქნია უარის ნიშნად: „უნდა წავაქციო“ – სუნთქვას ამოაყოლა ორი სიტყვა. „არა, არა, შორიახლოს დაუდექი, არბენინე…“
ცხოვრებაში ბევრი ნოკაუტი მოეხერხებინა, მაგრამ ასეთი დონის ჩხუბებში არცერთი., არ იყო „ქეიოპანჩერი“, „ბოდიპანჩერი“ კი დიდებული გახლდათ, სწორუპოვარი.
და გავიდა იმ მეთორმეტე რაუნდში და თავზეხელაღებით შეუტია. ბენვენუტის არც ჰქონდა გამოსავალი. მან ისეთი ციცა ჰუკი მოიქნია, რომ ლუისს რომ არ მოხვედროდა, მომქნევი რინგიდან გადავარდებოდა. მოქნევის წამს იტალიელს არცერთი ფეხი არ ედგა ფიცარნაგზე.
ლუისი წაიქცა. იტალიელი მსაჯი თავს წამოადგა და თვლა დაიწყო: „უნა, დუე, ტრე…“
ძალიან სწრაფად ითვლიდა. გასაგებია, იტალიელი იყო. დანდი კი კუთხეში იდგა და ფიქრობდა: „მორჩა, გათავდა“…
ძალიან კუბელი იყო, ძალიან ზანგი, ძალიან მხიარული და ძალიან გულუბრყვილო.
დღეს რომ ეკრივა?
„მთელს დივიზიონს გაწმენდდა. ყოფას უტირებდა ცრუ მებრძოლებს. გამოაჩენდა, კლასი რაც არის“ – ესეც ანჯელო დანდის სიტყვებია.
რატომ იყო ძლიერი?
მართლაც უცნაური იყო. ლუის როდრიგესი გახლდათ დიდი, დიდებული მოკრივე, შესაბამისი პატივი და ღირსება კი არ რგებია. რა აკლდა? ბედი, იღბალი თუ ხასიათი?
კრივის სახელმოხვეჭილი მეისიორიე ჰენკ კაპლანი ასე გვიამბობს: „ის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე იყო შუგარ რეი რობინსონის შემდეგ არ მინახავს მებრძოლი, ასე რომ სცოდნოდა კრივი. არც ასეთი დახვეწილი და აკურატული მინახვს ბევრი. ის არ იყო კუნთებით თავმომწონე ჯეელი. გრძელი, ხორციანი მკლავები ჰქოგდა, უსწრაფესი დარტყმა და მოქნილი წელი. მას რინგზე მდგომს, ხიფათის ზონას, ელექტროობის გამანაწილებელ ჯიხურს ვამსგავსებდი, ოღონდ გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე“.
და აი, რატომ იყო ის გამორჩეული და დიდი მოკრივე: მისი საკრივო გაქანება წონას, დივიზიონს სცდებოდა. ხომ დიდებული იყო მარვინ ჰაგლერი? მაგრამ ეს იმ თავისი კონკრეტული წონის იქით ნული იყო. ლუისი კი ეჰა! ლუისი, ლუის როდრიგესი, ეს სხვა რამ გახლდათ.
მისი დარტყმის ძალა არ იყო სანიმუშო. ეს არ იყო ვარსკვლავის ძალა. ამბობდნენ კიდეც, მისი დარყმის ძალა პირდაპირ ჰკიდია მის კეთილ ბუნებაზე. ასეთი ხასიათის კაცი მონოკაუტედ და ქილერად ვერ იქცევაო. სამაგიეროდ, მან სხვა რამ მოიტანა კრივში – სისწრაფე, სწორედ მან დაანახვა საკრივო სამყაროს, რომ კრივი მხოლოდ მუშტი არ იყო.
დანდიმ რომ გვერდიგვერდ ახსენა ისა და ალი, არაფერი შეშლია. მათი პრიცნიპი ერთი იყო, ალის სხვაც მეტი ღირსება ჰქონდა, მაგარამ სისწრაფე, მოქნილობა და აზროვნება ერთმანეთთან აახლოვებდა ამ ორ განსხვავებულ მებრძოლს.
ლუის როდრიგესს არასოდეს ჰქონია ტანჯული სახე, რინგზე ის არასოდეს განადგურებულა. წაგების შემთხვევაშიც კი ის ჩხუბში წაუგებელი იყო.
თუმცა, აქაც არის გამონაკლისი: ოთხი შეხვედრა გრიფიტთან.
გრიფიტი
აბა, ეს იყო არაადამიანური შავი აგრესია, ლამის მარადიული მეფე „ველთერის“ წონისა. ემილ გრიფიტს ჰქონდა ერთი საუცხოო თვისება, მისი ორთაბრძოლები ყოველთვის მისი წესებით, მისი ტაქტიკით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, მასაც წაუგია, იგივ ნინო ბენვენუტისთან, მაგრამ ეს მერე იყო.
როდესაც ეს ორი საუცხოო მოკრივე პირველად შეხვდა ერთმანეთს, 1960 წელი იდგა. გრიფიტმა ორიოდ დარტყმით, ერთი მსაჯის გადაწყვეტილებით აჯობა როდრიგესს, ძალიან მძიმე ათრაუნდიან ბრძოლაში.
სამი წლის თავზე პრეტენდენტმა როდრიგესმა კიდევ გამოიწვია ჩემპიონი გრიფიტი, ადრეულ რაუნდებში ლუისმა დაჯაბნა გრიფიტი, მაგრამ, იმის აგრესიამ თავისი გაიტანა და რომ არა გონგი, ის ტიტულს დაინარჩუნებდა.
ლუის როდრიგესი ჩემპიონი გახდა!
მაგრამ ჩემპიონად მხოლოდ ორმოცდახუთი დღე იყო. ესეც ლუისის ბედი იყო.
რემატჩი „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართა, ასე ვთქვათ, ემილ გრიფიტის ტერიტორიაზე. ამ ლეგენდარულ დარბაზში გრიფიტს სულ სხვა სული და ძალა ეძლეოდა. ნიუ იორკი გრიფიტის ადგილი იყო და ლუისმა წააგო, წააგო ისევ მსაჯთა თვლით.
პრესლოჟაში ოცდაოთხი კრივზე მწერალი იჯდა. ჩვიდმეტმა ამათგანმა ლუისის სასარგებლოდ დათვალა დარტყმები. ხმაური დიდი იყო, ლუისს კი არაფერი უთქვამს, მხოლოდ დანდიმ მიუგო რეპორტიორებს: „ლუისი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, რაც შეეხება გრიფიტს, ნიუ იორკში ტყვიამფრქვევით თუ წააქცევ?“
მეოთხედ ლას ვეგასში შეებნენ ერთმანეთს ერთი წლის თავზე. ამასობაში, გრიფიტის დარტყმით უკვე მომკვდარიყო პრეტენდენტი ბენი „კიდ“ პარეტი.
ესეც უმძიმესი ბრძოლა იყო. ორივე მოკრივე დაისაჯა ქამარსქვემოთა დარტყმებისთვის. კვლავ ძველი სურათი იდგა: როდრიგესი კვლავ თავისებურად კრივობდა, გრიფიტი კვლავ ძალაზე იყო და კვლავ დათვლა: 69-67, 70-68, 70-71 გრიფიტის სასარგებლოდ.
ამის შემდეგ როდრიგესი საშუალო წონაში გადაბარგდა. მალე გრიფიტიც მას მიჰყვა…
მოგონებები
ძმაკაცები ჩამოსხდებიან და ჰყვებიან ლუის როდრიგესის ამბავს.
მაიამელთა კუბური თემი დიდიც არის და ძლიერიც, დასხდებიან და ჰავანას იხსენებენ.
„ლუისი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო“ – ამბობს ენრიკე ესპინოსა, ძველი საკრივო მწყერალი და ლუისის ძმაკაცი – „საოპერო ხმა ჰქონდა, საუცხოოდ ცეკვავდა. კუბის ტელევიზიის ნამდვილი გმირი გახლდათ. მერე კასტრო მოვიდა და ყველანი აქეთ გამოვიხიზნეთ. ეჰ, ის საუცხოო მსახიობიც იქნებოდა, საუცხოო წამყვანიც, კრივი არჩია…“
ლუის როდრიგესს იმ თავისი კეთილი ხასიათის წყალობით, ცუდისმთქმელი არ დაუტოვებია ქვეყანაზე. ერთხელ საკრივო მესვეტემ კლურ მოშერმა დაუწერა გაზეთში, მაგას ნოკაუტით მოგება არ ძალუძს, ერთი ქეთინო ბიჭიაო. ერთხელაც, ლუისმა კლდედ შერაცხულ კარლ ჰაბარდს ეკვრივებოდა და მეოთხე რაუნდში წააქცია კიდეც. ხმაური, ერთი ამბავი, ლუისი კი თოკებთან მოდის და პრესლოჟისკენ იცქირება.
„კლურ, კლურ,“ – ყვირის ლუისი – „ეს კაცი რეფერიმ ჩააგდო ნოკაუტში.“
არა, ბევრი შთამბეჭდავი ბრძოლა გადაუხდია.
როგორ გგონიათ, ვინ აღიარეს 1960 წელს ამერიკის საუკეთესო ოლიმპიურ მოკრივედ? მუჰამედ ალი? არა, ვილბერთ „სკიტერ“ მაკკლური. ის წამსვე გარდაისახა და ზედიზედ მოიგო 14 ორთაბრძოლა. მერე ლუის როდრიგესი დაუხვდა, პირველადაც წააგო, მეორედაც და თქვა: „კუბელს აღარ შევხვდები, არაადამიანურად სწრაფია.“
და რაღა უქნა დენი მოიერს, რომელიც ჩემპიონთა ცემით იყო ცნობილი? არც კი ალაპარაკა. მეცხრე რაუნდში დააგდო და მანამდე მთელი რვა რაუნდი ნელ-ნელა აცლიდა ღონეს.
ოცდათოთხმეტი წლისა იყო, როცა ტონი მანდინი დასცა, პირველსავე რაუნდში. ტონი უკვე ქვემძიმეწონოსნად ითვლებოდა.
სხედან და ჰყვებიან, ესპინოსას და ფრედი პაჩეკოს გულისტიკივლი აქვთ.
ერთი ის, რომ ლუისი აღარ არის, და მეორე, ვინ აღარ შეუყვანიათ კანასტოტას კრივის დიდების დარბაზში და ლუის როდრიგესისთვის კი იქ ადგილი ვერ მოუნახავთ.
„აბა, ვინ უნდა იყოს იქ?“ – ცხარობს კაპლანი – „მაგრამ ლუისი ხომ ჩუმი და კეთილი კაცი იყო. ალბათ, ამიტომაც დაავიწყდათ“.
„დაავიწყდათ?“ – კითხულობს ემილ გრიფიტი. – მე ის არასოდეს დამავიწყდება, მან შემშალა. იყო თუ არა დიადი მოკრივე? ამას რა კითხვა უნდა. ის იყო ყველა დროის, უნივერსალური მებრძოლი. ათობით კაცი, ჩემი ჩათვლით, მას რომ დაუჯაბნია. დიდების დარბაზის წევრის პატივშია, ის კი არა. გაგიჟდები კაცი…“
მას უნდოდა
სიკვდილამდე ორი დღით ადრე ლუის როდრიგესს სტივ გორდონმა დაურეკა.
გორდონი ის კაცია, ინტერნეტში რომ „კიბერ ბოქსინგ ზონ ვებსაიდს“ ჩაუყარა საფუძველი. დიდების დარბაზზე ჩამოუგდო სიტყვა. ლუისს ტკივილი სტანჯავდა, მაგრამ ძლიერი, გაუტეხელი ხმა ჰქონდაო, იგონებს ეს კაცი. სულაც არ ვფიქრობ ემაგ დიდების დარბაზზე. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც არსებობსო.
ასეთი ბიძაკაცი იყო. სამოცისა ვერ შესრულდა.
ფრედი პაჩეკომ, მისმა ძველმა მეგობარმა და მხატვარმა მაიამიში თავისი ნახატი ჩამოიტანა, ზედ საკრივოდ ჩაცმული ლუისი გამოხატა.
ეს არ იყო საკრივო სურათი, ეს უფრო გაცინებული ლუის როდრიგესი იყო.
„ასეც უნდა ყოფილიყო“ – თქვა ესპინოსამ – „მას უნდოდა, რომ ასეთი დაგეხსომებოდა. ასეთი იყო და იმიტომ.“
და მართლაც, ლუის როდრიგესი ასეთად უნდა ახსოვდეთ – გაცინებულ, კეთილ კაცად, რომელიც სხვათა შორის, დიდი მოკრივე იყო.
18.04.1998