საქართველო და ლიტვა ძველი მეტოქეები არიან

ასტრონომიული გაზაფხული უკვე დადგა და არც მეტეოროლოგიურს ვუჩივით. ამჯერად საფეხბურთო გაზაფხულს ველოდებით. 24 მარტს ლიტველთა ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით ამხანაგურად, სამშაბათსკი ესტონელებს ვმასპინძლობთ.
სხვისას ვერ გეტყვით და ჟურნალისტები ჩვენი ნაკრების ყველა შეხვედრას ემოციურად სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, თითქოს არასოდეს გაგვცრუებოდეს იმედი, არასოდეს გაგვჩენოდეს წყენის ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, არასოდეს დაგვეწეროს რამე კრიტიკული…
საკმარისია ერთი კარგი, ჯიგრიანი და რაც მთავარია, გამართული თამაში, რომ იქამდელი ყველა მარცხი დაგვავიწყდეს.
ბოლო შეხვედრების შედეგებმა დიდად ვერ გაგვახარა, მაგრამ იმედი მაინც გაჩნდა. ჩვენ გუნდში გამოჩენილ ახალ თაობას ბურთთან ურთიერთობა ნამდვილად არ უჭირს. დრიბლინგის გარდა ბურთის ერთი შეხებით მოთვინიერება, მოკლე და საშუალო გადაცემების სიზუსტეც იგულისხმება. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ამას სისწრაფეში აკეთებენ და არც მახვილგონიერების დეფიციტს უჩივიან. ოდნავ მეტად გვიჭირს ათლეტიზმსა და ძალისმიერ ორთაბრძოლებში.
ეს რაც ბაზისს, ანუ ნაკრების სამშენებლო მასალას ეხებოდა და ამის შემდეგ ავანსცენაზე მწვრთნელი გამოდის. ვლადიმირ ვაისი პირველი სიდიდის ტაქტიკოსთაგანი არა მაგრამ, კარგი სპეციალისტი ნამდვილად არის. გუნდის თამაშში რეჟისურა აშკარად სჭარბობს 11 ფეხბურთელის იმპროვიზაციას, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავმხდარვართ. დანარჩენი დროის, შეკრებების და ხვალინდელისა და სამშაბათის დარი შეხვედრების საქმეა – შეცდომების გასწორება.
და რაღა თქმა უნდა ფეხბურთის ფედერაცია:
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს მავნე პრაქტიკა, როცა ამხანაგური (ზოგჯერ ოფიციალურისაც) შეხვედრების წინ იწყება:
– მავანი ფეხბურთელის გუნდს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და გვთხოვეს, არ გამოგვეძახა…
– პეტრეს დაძაბული ურთიერთობა აქვს მწვრთნელთან და გვთხოვა, არ გამომიძახოთო…
– პავლე სერიოზული ტრანსფერისთვის ემზადება და ტრავმის რისკს ავარიდეთ…
და ა. შ.
ნაკრების შეხვედრა ქასთინგი კი არა, გუნდური თამაშის დახვეწის შანსია და „მისი შესაძლებლობები ისედაც კარგად ვიცით“, არგუმენტად ვერ ივარგებს.
რა აზრი აქვს თეატრალური დასის რეპეტიციებს, თუ პრემიერას მაინც სხვა მსახიობები ითამაშენ?!
ერთიც: თავად გამოთქმა „ამხანაგური შეხვედრა“ ნაკლებად მომწონს – არასერიოზულობის და გართობის ასოციაციას ბადებს. ტესტ-მატჩი ან „არაოფიციალური შეხვედრა“ მაინც იყოს. ამხანაგობა და გართობა ნარდსაც კი იშვიათად უხდება, არათუ ჩემი და სხვისი ქვეყნის საფეხბურთო დაპირისპირებას. ჩემმა ქვეყანამ სხვისას ყველაზე არაოფიციალურ შეხვრდრაშიც კი უნდა მოუგოს. ვთქვათ ისეთში, ხვალ რომ გვაქვს ლიტვასთან.
დანარჩენზე მერე იყოს…

წილი
წინა სტატიაიყო სიცილიანი და დიდი მოკრივე
შემდეგი სტატიაქუსლიანი 1:0
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".