მარტის დასაწყისში, „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა: „ბავარიელთა თავკაცობას იმიტომ დავთანხმდი, რომ კლუბი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, შესაფერის მწვრთნელს ვერ პოულობდა. მაშინ ვთქვი, რომ „ალიანს არენაზე” სეზონის ბოლომდე დავრჩებოდი, ამასობაში კი გამოჩნდებოდა, როგორ წავიდოდა საქმეები. ასეთი შეთანხმება პატიოსან ურთიერთობას განაპირობებს”.

ამჯერად, ჰაინკესის „ბაიერნიდან” წასვლის საკითხზე გერმანული ტაბლოიდის TZ-ს ფურცლებიდან „რეკორდმაისტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ზე რობერტომაც ილაპარაკა. 43 წლის ბრაზილიელმა თქვა, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონს ჰაინკესის მომავალ სეზონში დარჩენის იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. მან თქვა, რომ მწვრთნელთან ურთიერთობა აქვს და იცის, რომ მას მუშაობის გაგრძელება აღარ სურს.

„ჰაინკესს უნდა მეუღლესთან და ოჯახთან მეტი დრო გაატაროს. ეს კლუბი „ბაიერნი” რომ არ ყოფილიყო, ის ერთი სეზონითაც კი არ მოწყდებოდა ოჯახურ გარემოს”, — განმარტა ზე რობერტომ.

ცნობილია, რომ იუპ ჰაინკესს „ბაიერნში” თავის შემცვლელად „დორტმუნდის” ყოფილი მწვრთნელის თომას ტუხელის მიყვანა სურს, თუმცა კლუბის შეფები კატეგორიული განცხადებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. შესაძლოა, პრეზიდენტი ული ჰიონესი მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებას და გერმანიის ნაკრების თავკაცობიდან იოაჰიმ ლიოვის გადადგომას ელოდება.