რუმინეთთან თამაშის წინ ჩვენმა ძველმა მკითხველმა გაიხსენა და გაგვახსენა გიო ახვლედიანის წერილი, ამ 17 წლის წინ დაწერილი.  მაშინაც რაგბი და მაშინაც რუმინეთი იყო. ოღონდ ბიჭები იყვნენ სხვები. იმ გუნდში, ნურავის ეწყინება და, სრულიად გამორჩეული მორაგბე იყო ლევან ცაბაძე, ლეონსიოდ წოდებული…

იმ ძველი წერილის ხელახლა გამოქვეყნებით კი იმ მკითხველის სურვილსაც ავასრულებთ და ახალი თაობის ქომაგებსაც ვაჩვენებთ, საიდან მოდიან დღევანდელი მორაგბეები…   

 

მეფე ერეკლე მისულა ერთ ბორჩალოელ აღალართან მისი განთქმული ცხენების რემის დასათვალიერებლად და ერთი კარგი ცხენის ასარჩევად. უთვალიერებია მეფე ერეკლეს და არ მოსწონებია. რა არის, თათარო, ძველად რა კარგი ცხენები გყავდა და ახლა რემა რას გიგავსო.

ეხო, გასცინებია აღალარს, იმ ძველ ცხენებზე ძველი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო. ანუ,  როგორებიც თქვენა ხართო, ცხენებიც ისეთი მყავსო.

ახლა ირკვევა, რომ ძველი ქართველები, ის ქართველები, რომელთა არსებობისაც აღარ გვჯერა და მწარე ხითხითით ვიტყვით ხოლმე, ზღაპარი ყოფილაო, დიახაც კი წასულან, მაგრამ ბრუნდებიან და ჩვენს შორის დგებიან. ამას სჩადიან უხმაუროდ, მხოლოდ საქმით და არა ლაპარაკით, რაც ძველ ქართველთა წესი არ ყოფილა.

დაბრუნებულან და იმათ შორის კი ერთი რიგითი ქართველი, ძველი, ჯანმაგარი და ხითხითა ქართველების ჩამომავალი, მებრძოლი და მუშაკი, კოტიტა და მოქნილი ლევან ცაბაძე, სარაგბო თემში, აწ კი მთელ საქართველოში ცნობილი ლეონსიოს სახელით.

საერთოდ, ითვლება, რომ გმირობა დავიწყებული რამ არის დღევანდელ ყოფაში. ომში წასული ჩვენი ბიჭების ამბავი და თავგანწირვაც კი არ შეუთვისებია ხალხს წესიერად.

ამის ლაპარაკს ახლა არ მოვყვებით, მაგრამ ის რაც შაბათ შუადღით, ბუქარესტის მინდორზე ჩაიდინა ლეონსიომ, გახლავთ გმირობა, გმირობა და არაფერი გმირობის გარდა.

მოწინააღმდეგისგან  ვერაგულად ნაგვემი, არათუ დასასვენებლად და სულისმოსათქმელელად, არამედ იმწუთს  ჰოსპიტლის საწოლისთვისაც კი ალალი ლეონსიო, გაუსაძლისი ტკივილის ამტანი და მომთმენი, ვერაძალით გამოაცილეს მოედანს მწვრთნელებმა და ექიმებმა და მანაც, მებრძოლ სულით ანთებულმა, არაადამიანურ ჟინით და რაღაც იმ ძველქართული ჯანით შეპყრობილმა არათუ ითამაშა, რაიც ცალკე გმირობაა  ამ შემთხვევაში, არამედ გადამწყვეტი ლელოც კი დადო: სამი ზორბა რუმინელი გაათრია და დადო.

ეს ლეონსიომ გააკეთა!

გააკეთა ისე, როგორც შეშვენოდა ძველ, უბრალო და ნამდვილ ქართველს, რომელიც რაღაცაზე გულგატეხილი კი შეჯდა იმ თავის კარგ ცხენზე და კი წავიდა, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, დაბრუნება ღირსო და დაბრუნდა.

ლეონსიოს გაუმარჯოს, ერთ ნამდვილ ჯარისკაცს იმათგან, რომლებიც ბრუნდებიან!

07.10.2001

წილი
წინა სტატიარაიოლას პატრიოტიზმი
შემდეგი სტატიამოგების დროა…
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.