რუსთავში „მეტეორები“ ბობოქრობენ, სამართლიანად ბობოქრობენ….

„მეტეორები“ რუსთავული საფეხბურთო კლუბის ერთგულ ქომაგთა გაერთიანებაა, ერთობ მომთხოვნი და რადიკალური.

რუსულ რელსებზე შემდგარმა „რუსთავმა“ პირველ ტურში „დინამო“ კი  დაამარცხა სენსაციურად, თუმც, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი იწვნია.

თანაც ორივე მატჩი სრულიად უსახური თამაშით წააგო, რაშიც ქომაგები ფრიად საეჭვო სამწვრთნელო გამოცდილების ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევის ბრალეულობას ხედავენ და უკვე ღიად ითხოვენ ვარლამ კილასონიას დაბრუნებას,რომლის სიმპათიური და გასული სეზონის ტრიუმფატორი გუნდიც რუსულ პროექტს შეეწირა.

ქომაგთათვის მიუღებელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის და ლიგა ორის ბომბარდირის დათა სიჭინავას სრულიად იგნორირება – „მეტეორები“ მატჩიდან მატჩამდე ითხოვენ კაპიტნის დაბრუნებას.

დათა სიჭინავა და ვარლამ კილასონია – წინა სეზონის ტრიუმფატორები

ბოლო ტურში, „ჩიხურასთან“ მატჩზე, კილასონია-სიჭინავას მხარდამჭერი ბანერების გარდა, მეტეორებმა ავარიაში მოყოლილ „დინამოს“ პატარა ფანს, ოთო ხარაძესაც გამოუცხადეს თანადგომა.

ნამატჩევს მოედნის მიმდებარე ავტოსადგომზე რუსულ სანომრე ნიშნებიანი მანქანიდან, მის მფლობელს „გეორგიევსკის ლენტი“ ჩამოახსნევინეს.

,„რუსთავმა“ კი ასე თუ გააგრძელა, ალბათ ისევ თავის მარადიულ მხსნელს და გაჭირვების ტალკვესს, ვარლამ კილასონიას  მიუბრუნდება – წლების მანძილზე სწორედ მას უწევს არეული ვითარებების დალაგება…

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის ერთი სპონსორის ძველი რეკლამისა  არ იყოს, რუსთავში ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის კი კილასონია არსებობს…

 

წილი
წინა სტატიაკონფლიქტი: მოუ vs შოუ
შემდეგი სტატიაბედნიერება
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!