საქართველოს დევებმა საქართველოს გამარჯვება აჩუქეს!
საქართველოს დევების ქვეყანა არცთუ დიდია, სულ ერთი მუჭაა, სულ ერთი წვეთი ცრემლია, ერთი მფეთქავი გულია და ერთი განწირული, ჩახრინწული ამოთქმაა. ღრიალია და სიყვარულია, დარდია და იმედია, ის არის, რომ ოდესმე, სადღაც, ერთ რომელიმე ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს, დევები გაიმარჯვებენ.
საქართველოს სჭირდება დევები. ისინი ალალები, პირდაპირები, თავდაუზოგავები, ნამდვილები არიან. ისინი რაც არიან, ეგ არიან. თავად ამბობენ, რაცა ვართ, ეგა ვართო. ეს დევები ელვაც არიან და კვნესაც არიან, ისინი საქართველოს მხრები არიან და მაშინ იმარჯვებენ, როცა გამარჯვება ყველაზე ნაღდ რამეს – სიცოცხლეს ნიშნავს.
ნაცარქექიებს არასდროს უჩუქნიათ რაიმე საქართველოსთვის.
საქართველოს ნაცარქექიების ქვეყანა ძალიან დიდია, თვალით ვერ გასწყვდები, ის ხარხარია, ტრაბახია, ცარიელა მანჭვა-გრეხვაა. გაუთავებელი ჭორაობაა, ცხვირის აბზუებაა. ის ყველგანაა, ყოველ წერტილსა და ყოველ მოძრაობაში. ნაცარქექიები არასდროს ამბობენ, რაცა ვართ ესა ვართო. დიდი ხანია დაგვაჯერეს, რომ იმაზე ასჯერ მეტი არიან, ვიდრე მართლა არიან. ნაცარქექიები არიან და თვალის აბმა ეხერხებათ.
დევები კი ნაბიჯ-ნაბიჯ, მძიმე-მძიმედ, ოფლითა და განცდით, კუნაპეტ სიბნელეში ხნავენ თავიანთ წილ, ერთ ქცევა მიწას და იმ მიწაზე სიცოცხლეა. ეგებ მალე მეტი იყოს მათი მიწა და მაშინ საქართველო მართლა დიდი და მართლა კარგი, მართლა ნამდვილი იქნება.
საქართველოს უბრალო ბიჭებს, საქართველოს დალეწილ დევებს გაუმარჯოს.
ეს ქვეყანა იმათია და ისინიც ამ ქვეყნისანი არიან. ერთმანეთს ვეღარაფერი დაგვაშორებს.
15.10.2002