უქემეებზე პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰალეფი ბრაზილიაში ჩაფრინდა. ოფიციალური საბაბი ნეიმარის საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნაში მონაწილეობაა, თუმც კი კულუარულად ითქვა- პრეზიდენტი ეცდება ნეიმარი პსჟ-ში დარჩენაზე დაიყოლიოსო.
აი, რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ მოსწონს ნეიმარს საფრანგეთი:
– აქაური ფეხბურთი უხეშიაო.
– ბალახი მეტისმეტად მაღალიაო.
– გასვლით მატჩებზე ავტობუსით დავდივართო.
და ამგვარები…
ფეხბურთელის აგენტებმა უკვე ამცნეს არაბ ბოსებს, თუ ჩვენს კლიენტს ხელფასზე კვირაში 1 მილიონ ფუნტს (!!!) წაუმატებთ, დისკომფორტი მაშინვე მოეხსნებაო. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტით ნეიმარმა 5 წელიწადში ასტრონომიული 264,5 მილიონი ევრო ისედაც უნდა მიიღოს.
ნეიმარის გადაბირება „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს და მადაზე მოსული ბრაზილიელისთვის შეუთვლია, არც ფულით გაწყენინებ და „ოქროს ბურთს“ ჩვენთან უფრო ადვილად მიიღებო… ყველამ იცის, რომ ნეიმარი ჭირვეული ბავშვივით ოცნებობს „ოქროს ბურთზე“.