ბერლინში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირზე, მეექვსე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობა დამყარდა. აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა ვლადიმირ კრამნიკს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ამერიკელ ფაბიანუ კარუანას გვერდით მიუჯდა.

მესამე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა კრამნიკმა მოიპოვა, თუმც მეოთხეში თეთრი ფიგურებით კარუანასთან წააგო და პირველი ადგილიც გადაულოცა. მომდევნო ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა და ცხრილში ადგილები უცვლელი დარჩა, მეექვსე ტური კი მძვინვარე პარტიებით გამორჩა, ოთხიდან მხოლოდ ორი დასრულდა მშვიდობიანად და ცხრილში კვლავ პატარა კარუსელი დატრიალდა.

კარუანამ პირველმა დაასრულა მეოთხე ტურის პარტია, ალექსანდრ გრიშჩუკთან გარისკვას მოერიდა და 36-ე სვლაზე დაუზავდა.

ამით ისარგებლა მამედიაროვმა, ბოლომდე ებრძოლა კრამნიკს, 64-ე სვლაზე მსუყე ქულა აართვა და გაამერიკელებულ იტალიელს დაეწია.

მეტოქეებმა ლაზიერის გამბიტი გაითამაშეს. ბერლინში ერთობ გაახალგაზრდავებული კრამნიკი (საჭადრაკო ახალგაზრდობას ვგულისხმობთ) უცებ გადავიდა იერიშზე, წინ მსუბუქი ფიგურები გამოიყვანა და გაცვლები დაიწყო, მათ შორის მე-15 სვლაზე ლაზიერებიც მოაშორა დაფას და უკანა ხაზიდან ეტლები გაამზადა ახალი შეტევისთვის. მამედიაროვმაც ძლიერი დაცვა ააგო და თავად G-ვერტიკალიდან პაიკის გაყვანაზე ზრუნვა დაიწყო. მთელი ბრძოლა სწორედ ამ პაიკის ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც აზერბაიჯანელმა მხოლოდ მე-60 სვლაზე აქცია ლაზიერად და სულ ეს იყო: კრამნიკმა კიდევ 4 სვლა გაიბრძოლა და დანებდა.

უესლი სომ იმავე ტურში 78-ე სვლაზე დაამარცხა ლევონ არონიანი და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ფსკერს კი წინა საჩემპიონო ციკლის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული სერგეი კარიაკინი ხეხავს. მეექვსე ტურში მან დინ ლიჟენს გაუყო ქულა და დარჩა იქ სადაც იყო.

ტურნირი 28 მარტს დასრულდება. წინ კიდევ 8 რაუნდია.

1. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 4
2. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 4
3. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 3 ქულა
4. დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 3
5. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 3
6. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 2,5
7. უესლი სო (აშშ) – 2,5
8. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 2

წილი
წინა სტატიასენსაცია პირველი
შემდეგი სტატიაჯანდაბას, მოსწიოს…
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.