ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ?
ვისთან?
ემაგათთან, გიგზრივალდოებთან.
რათა? ჩვენთანაც შეინიშნება.
რა?
სწრაფვა მომავლისკენ.
შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი?
პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი.
აბა, რა სწრაფვა შეინიშნება?
რო უკეთესობა იყოს.
კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა.
მეც ნავთობზე გელაპარაკები.
არა, არა, მე მინდა ბრონდბიუ, არ მინდა სულ ნავთი და ცეცხლი.
უმაგნავთოთ ბრონდბიუც არ გვეყოლება.
რათაო?
მნიშვნელობა უნდა შევიძინოთ.
რისა?
რო თავზე ქუდი გვხურავს.
და სონი ანდერსონს აქვს შეძენილი?
რა?
მნიშვნელობა.
არა, სონი ანდერსონს პორშე აქვს შეძენილი, ზეედორფსაც და რონალდოსაც.
მაგით ვერ გამაოცებ, ერთი-ორი პორშე ჩვენც მოგვეძებნება.
ხო, მაგრამ, ჩვენი პორშე ისე არ ჩანს ქუჩაზე.
ეხლა არ მითხრა, ეგეც ნავთობის გამოაო.
მნიშვნელობა უნდა შევიძინოთ.
ბურთაობას რა მნიშვნელობა უნდა? ბურთაობა უნდა და მორჩა.
და არ გამოდის უიმისოდ.
სტადიონზე როდის დამთავრდება სკამების დადგმა?
როცა მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
რა ენამწარე ხუმრობაა.
მწარე ის არის,რომ ვერ ავამუშავეთ.
რა?
გიგზრივალდოიანი მოტორი.
ეგეთი მოტორი არც არასდროს გვქონია.
მაშ, როგორი გვქონდა?
არ ვიცი. ისეთი არასოდეს გვქონია, იქ რომ გაგვეხურებინა.
მე მაინც იმაზე ვფიქრობ, რომ აღორძინდეს ჩვენი თამაში ჭეშმარიტად.
და მაგისთვის რა არის საჭირო?
მაისურზე „სონი“ მაინც უნდა გვეწეროს.
მაიტა დაგაწერო ეგ „სონი“, ვის მოუგებ? რივალდოს სულ არ აწერია არაფერი.
და გაზა?
გაზა რა შუაშია?
გაზას არ აწერია გულზე?
გაზას აწერია, სამშობლოსათვის, სტადიონისთვისო.
კარგი იქნებოდა, ჩვენც ეგ დაგვეწერა.
ნაღდად პარტიულ კრებაზე ყოფილხარ.
შენ ფეხბურთი არ გყვარებია?
არა, მე ტყუილად დაწერა არ მიყვარს.
ამით რას უშველი?
გიგზრივალდოიან ამბისკენ მივახედებ ხალხს.
მაინც შეინიშნება.
რა?
რო დარბიან. კარგია.
რაც რო ბუტურლაკინს ურბენია, ამდენი არ ურბენიათ ერთად მარადონას, პელეს და დისტეფანოს.
ბუტურლაკინი ვინ არის?
შენ ფეხბურთზე მელაპარაკები?
რა ვქნა? ვიმედოვნებ.