გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა თქვა, რომ „ბაიერნი” მწვრთნელის ძიებაში „ტოტენჰემის” არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას მიადგა.

„ვიცი, რომ „ბაიერნი” პოჩეტინიოს უკვე დაუკავშირდა. ვიცი, რომ მის ვარიანტს მიუნხეში აქტიურად განიხილავდნენ და შესაძლოა დღესაც განიხილავენ” — თქვა ჰამანმა, რომელიც „სკაისპორტის” გერმანულ საიტზე მესვეტეა.

დიტმარ ჰამანი

მაურისიო პოჩეტინიო 46 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება. მისი ხელმძღვანელობით ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპური” საშუალო ინგლისური გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის თექვსმეტეულის წევრად იქცა.

პოჩეტინიოს გადაბირება აგრეთვე „პარი სენ ჟერმენსა” და „რეალსაც” (თუკი ზიდანს გაუშვებს) სურთ. არგენტინელს „სფურზთან” 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი.

„ის, რომ „ბაიერნის” თავკაცი გერმანულად უნდა ლაპარაკობდეს, რასაკვირველია მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ უმთავრესი მაინც არ არის. გერმანულს დიდებულად ვერც პეპი ფლობდა. „ბაიერნი” შეეცდება საუკეთესო მოგერმანულე კი არა, საუკეთესო მწვრთნელი იშოვნოს. ჩემი აზრით პოჩეტინიოზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს”, — დაწერა ჰამანმა.

მაურისიო პოჩეტინიო „ტოტენჰემამდე” „საუთჰემპტონსა” და ბარსელონის „ესპანიოლს” წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის” ახლანდელ მწვრთნელს, იუპ ჰაინკესს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება. გერმანელ მწვრთნელთაგან ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი თომას ტუხელია.