ცხრა დღის წინ წელში გამართულ პრემიერლიგას თავი კვლავ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ეგონა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ხუთწლიანი ხელმოცარვის შემდეგ, წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში გასული 16 გუნდიდან ხუთი მისი იყოო, წერს ინგლისელი ჟურნალისტი დეივ კიდი და ასეთ შეკითხვას სვამს: შეეძლო მსოფლიოს უმდიდრეს ლიგას ისევ გამხდარიყო საუკეთესო? თავად კიდი კითხვას იქვე პასუხობს: არა, არ შეეძლო, რადგან საპასუხო შეხვედრებში პრემიერლიგის ხუთი გუნდიდან ერთმაც ვერ მოიგო.
ჟურნალისტის ნათქვამს სიმწარეს ცოტათი „მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული” აკლებენ, რადგან ამ ორ გუნდს პირველი შეხვედრები ჰქონდა დიდი უპირატესობით მოგებული და საპასუხო თამაშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა, მაგრამ ხუთიდან ოთხი წაგება და მხოლოდ „ლივერპულის” ფრე ინგლისურად მაინც ძალიან ცუდად ჟღერს.
შემდეგ კიდი სათითაოდ იგონებს ინგლისური კლუბების მერვედფინალურ თავგადასავლებს და ამბობს, რომ შეჯიბრებას შემორჩენილი ორი გუნდიდან პეპ გვარდიოლას „სიტი” უფრო იმედისმომცემი ჩანს, მაგრამ გამოცდილებით ის „რეალსა” და „ბარსელონასთან” ახლოსაც ვერ მივა.
„მანჩესტერელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად და მაინც, მისი ფეხბურთელები „რეალსა” და „ბარსელონაში” წამყვან პოზიციებზე ვერ მოხვდებოდნენ.
კარგა ხანია გვარდიოლასაც არ უვაჟკაცია. „ბარსას”, „ბაიერნისა” და „სიტის” მწვრთნელის რანგში პეპი ბოლო ხუთი გათამაშებიდან ფინალში ერთხელაც ვერ გავიდა,” — წერს დეივ კიდი და ასკვნის, რომ თუკი 26 მაისს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელიმე ინგლისურ გუნდს ვიხილავთ, ეს დიდი მოულოდნელობა იქნება.