ტალმა ასწავლა, ფიშერმა ისწავლა

დავიწყოთ იუგოსლავიით, რომელსაც არაერთი მოჭადრაკე (მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილი) მეორე სამშობლოს უწოდებს. მაშინაც კი, როცა ბალკანურ ქვეყანას ეთნოკონფლიქტები და ნატოს რაკეტები არყევდენ და ნაწილებად შლიდნენ, იუგოსლავია საჭადრაკო სახელმწიფოდ რჩებოდა. ხოლო ნახევარი საუკუნის წინ, პათეტიკურად თუ ვიტყვით, ქვეყანა ჭადრაკით ცხოვრობდა. უფრო კურორტებზე, ქალაქებში და თვით დედაქალაქ ბელგრადში წამდაუწუმ იმართებოდა ტურნირები, რომლებზეც მთელი მსოფლიოს საჭადრაკო ელიტა თამაშობდა და აი, ერთი მათგანიც:

ბლედი (მაშინ იუგოსლავიის, დღეს სლოვენიის ქალაქი), 1959 წელი, პრეტენდენტთა ტურნირი უსასტიკესი კონკურენციით. მიხაილ ბოტვინიკთან საჩემპიონო მატჩის უფლებისთვის იბრძოდნენ იმ დროის გრანდები – მსოფლიოს ექსჩემპიონი ვასილი სმისლოვი, ჩინებული სათამაშო ძალითა და მიღწეულის განმეორების დიდი ამბიციით; მომავალი ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი, თბილისელი სომეხი, რომელსაც მშრალი, პოზიციური თამაშის სიყვარულისთვის “რკინის ტიგრანს” ეძახდნენ; პაულ კერესი – ბალტიისპირელი ჯენტლმენი და საჭადრაკო უნივერსალი, “მარადმწვანე მეორე” ჭადრაკის რანგთა ტაბელში; სვეტოზარ გლიგოლიჩი – უძლიერესთა მუდმივი თავსატკივარი.

და კიდევ ორნი დიდოსტატთა ლეგიონის ნაღებიდან: რიგელი ახალგაზრდა მიხეილ ტალი და ჩიკაგოელი ყმაწვილი რობერტ ფიშერი, რომელსაც უფრო ბობის უხმობდნენ. ესენი შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ ორივეს მეფობა დღემოკლე იყო – ტალმა მომავალ წელსვე მიბარებულივით დაუბრუნა გვირგვინი ბოტვინიკს, ხოლო ფიშერის ამბავი სულ ცალკე ისტორიაა, სავსე სკანდალებითა და სენსაციებით. სხვა დროს იყოს…

ფიშერი, ტალი, პეტროსიანი – ბლედი, 1959 წელი

წერილის დედააზრი შემდეგია: ტალმა და ფიშერმა მსოფლიო ჭადრაკს აზარტი დაუბრუნეს. ეს ის დროა, როცა ბრძენთა თამაშს ნელ-ნელა რომანტიკა აკლდება. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოს პირველმა ჩემპიონმა ვილჰელმ სტეინიცმა ჭადრაკში მეცნიერული სული დაამკვიდრა და ცალკე გამონაკლისთა მიუხედავად თამაში სულ უფრო ემსგავსებოდა მავან სამეცნიერო დისციპლინას, სადაც ყველაფერი ახსნილია და დალაგებული. ბოტვინიკი სწორედ “მშრალი ჭადრაკის” აპოლოგეტი გახლდათ და იგებდა. იგებდა იმიტომ, რომ საათობით, დღეებით, თვეობით იჯდა დაფასთან, სწავლობდა იმას, ნელ-ნელა როგორ ეშენებინა მიუვალი პოზიციები, ნამცეცობით ეგროვებინა უპირატესობა (სტეინიცის თეორიის მიხედვით) და დაეწყო მეტოქის მოხრჩობა მხოლოდ მაშინ, როცა წარმატებაში თითქმის დარწმუნებული იყო. მხოლოდ სმისლოვმა მოახერხა ბოტვინიკის სულ ცოტა ხნით დამხობა და მალე მიხეილ მოისეევიჩი კვლავ მეფე გახდა თავის ლოგიკითა და ანალიზით. ხოლო ის, რის გამოც ჭადრაკს ხელოვნებასაც უწოდებდნენ, წინა საუკუნის არქივებს თუ შერჩენოდა და ამ დროს გამოჩნდა ტალი – ვუნდერკინდი ბავშვობისას და ქაოსის გენიოსი მოზრდილობაში.

ტალი მართლა ვუნდერკინდი იყო: მამამისი, რიგელი ექიმი, სამამულო ომის გაჩაღებისას ურალში გადაიყვანეს და მიშას სკოლამ იქ უწია – პირდაპირ მესამე კლასში მოხვდა. ხელოვან დედას ორჯერ გამეორება არ სჭირდებოდა, ტალი უცებ ითვისებდა ურთულეს მუსიკალურ ნოტებს, წიგნს წიგნზე ნთქავდა და პირველსავე წელს ინსტიტუტშიც იოლად ჩაირიცხა. ერთადერთი ოთხიანი მიიღო – რომელიღაც გამოცდაზე რაღაც გონებამახვილური სიტუტუცე თქვა და იმიტომ. ტალი იუმორით სავსე, ვერცხლისწყალივით მოძრავი გახლდათ და რა გასაკვირია, რომ მისი დიპლომის თემა იყო “სატირა ილფისა და პეტროვის “12 სკამში”, სადაც კლასიკურად აღწერა ოსტაპ ბენდერის ნატურა. მეორე თვისება კი ჭადრაკშიც გადაჰყვა მოუთმენლობასთან ერთად. ტურნირებში ტალი მეტწილად სცენაზე მიმოდიოდა გალიის ვეფხვივით და ვინ მოთვლის, რამდენი ნაღდი პარტია წაუგია იმიტომ, რომ უპირატესობის რეალიზებისთვის მოთმინება არ ჰყოფნიდა და სულ ახალ-ახალ, ელეგანტურ, ხანდახან დამღუპავ იდეებს იგონებდა. ტალს სძულდა რეჟიმი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალის მსვლელობისას დროულად ძილი უბრძანეს, ის კი პაემანზე გაიპარა და მოსკოვში მთელი ღამე ნახეტიალევი დილას მილიციაში იპოვეს – პასპორტი არ ჰქონია ჯიბეში. ამნაირი უწესრიგო კაცი 16 წლისა ლატვიის ჩემპიონი გახდა, 1957-დან 1960-მდე უბრალო ოსტატობიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე ამაღლდა. მას ეძახდნენ “მეკობრეს”, “ბრაკონიერს”, რომელიც ჭადრაკის არც ერთ წესს არ ემორჩილება. ცხოვრების ბოლომდე ასეთი დარჩა – მოძრავი, სულსწრაფი, მოცინარი, “უწესო”, ნიჭიერი, დარდიმანდი, მოქეიფე და რაც მთავარია, უაღრესად კეთილი ადამიანი, ვის ლექსიკონშიც სიტყვა “არა” არ მოიძებნებოდა.

ბლედის პრეტენდენტთა ფინალამდე ტალმა ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. ცხადია, თავის სტილში: აუარება მოგებებით, გვარიანად წაგებებით და მიზერულად მცირე ყაიმებით. პორტოროჟში, საზონათაშორისო ტურნირზე, ბებერ და ახალგაზრდა გიგანტებს – ბრონშტეინს, კერესს, პეტროსიანს, კორჩნოის, სპასკის, გელერს, ტაიმანოვს გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა. მხოლოდ მაშინ გაჩუმდნენ სკეპტიკოსები, რომელთა აზრით, ტალის ქაოსი მხოლოდ სუსტებთან ჭრიდა, მაღალი ერუდიციისანი კი მას იოლად გააცამტვერებდნენ. ბლედში ტალი ფავორიტად ჩავიდა, ხოლო 16 წლის ბობი ფიშერი სათვალავში არავის ჩაუგდია. ჯერ ახლა არ ითვლება ეს ასაკი საჭადრაკო სიმწიფისთვის საკმარისად, მაშინ – მით უმეტეს. მერე რა, რომ ბობი ამერიკის ჩემპიონი იყო. ამერიკელების ჭადრაკის რა მცოდნიაო, ამრეზით იტყოდა, ალბათ, მავანი საბჭოელი და ასეც იყო, ცოტა გვიან საბჭოთა ნაკრებმა გუნდური შეტაკება ამერიკის კი არა, მთელი მსოფლიოს ნაკრებს მოუგო.

ტალსა და ფიშერს საერთო მხოლოდ ებრაული ძირი ჰქონდათ, თორემ სხვა მხრივ, არაფრით ჰგავდნენ ერთმანეთს. ბობიმ როგორც კი ჭადრაკი ისწავლა (6 წლის იყო), ყველა და ყველაფერი დაივიწყა. ტურნირებისას ის არ დადიოდა სცენაზე და ქომაგებს თვალს არ უკრავდა, არასოდეს მიმჯდარა როიალთან, არ უწერია წერილები (ტალი ერთ დროს სულაც ჟურნალის რედაქტორი იყო), საერთოდ, უმაღლესი განათლება არ მიუღია. რაც შეეხება ხასიათს, გამუდმებით ჭინჭყლობდა და უპასუხისმგებლო ქმედებებით გამოირჩეოდა, ამერიკის დროშაზეც მიუფურთხებია.

ფიშერს ტალის მეტი ვინ გააცინებდა. ციურიხი, 1959 წელი

პრეტენდენტთა ტურნირი სენსაციით დაიწყო: პირველივე ტურში ფიშერმა კერესი დაამარცხა, უცილობელი ფავორიტი, რომელთანაც, წინასწარ გეტყვით, ტალმა სამჯერ წააგო და მხოლოდ ერთხელ მოუგო (ოთხი წრე თამაშდებოდა). ფიშერის სენსაცია მაინც ეპიზოდური გამოდგა, ყმაწვილმა შემდეგ ზომიერად გააგრძელა და წინ ტალი და კერესი გაიჭრნენ. გაირკვა, რომ სმისლოვი ფორმაში ვერ არის, პეტროსიანის ფრთხილი პოლიტიკა მსგავს ტურნირში უადგილოა, გლიგორიჩი კი, უბრალოდ, ცოტას იგებს. მეორე წრის ბოლოს თითქმის ცხადი გახდა, რომ პრეტენდენტის საგზური რომელიმე ბალტიისპირელს უნდა დარჩენოდა, მაგრამ რომელს? 43 წლის კერესს, ვისთვისაც ეს იქნებ ბოლო შანსი იყო, თუ 20 წლით უმცროს ტალს, რომელიც ორი წელი უაღრესად სწორხაზოვნად მიიკვლევდა გზას ბოტვინიკისკენ? გადავდოთ კითხვაზე პასუხი წერილის ბოლოსკენ და ვთქვათ, რომ ტალმა ფიშერს საწყის ორივე წრეში მოუგო. მწვრთნელები რიგელს მთელი გულით ურჩევდნენ, მეორე წრეში შავებით კარო-კანის დაცვა ეთამაშა, მოსაწყენი დებიუტი, რომელიც ამერიკელს გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ განა ტალი კარო-კანის ჩიტი იყო? როგორც მეტყვით, ისე გავაკეთებო, დაჰპირდა მწვრთნელს, მაგრამ დაფას მიუჯდა თუ არა, შავი C7-პაიკი ერთის ნაცვლად ორ უჯრაზე გადააჩოჩა: სიცილიური დაცვა, ფიშერის საყვარელი დებიუტი, დიდი ომ-ჩხუბი და მაინც ტალის გამარჯვება – 2:0 ტურნირის შუაწელში და გზა ზაგრებისკენ, სადაც მესამე წრე იყო დაგეგმილი.

ამ დროისთვის ტალსა და ფიშერს შორის ძაღლიკატური ურთიერთობა დამყარდა, რასაც მწერალი ვიქტორ ვასილიევი აღწერს ცნობილ საბჭოურ ბესტსელერში “მეშვიდე რიდე”. სიტყვა “საბჭოური” თავისთავად გამოხატავს ირონიას ამერიკელისადმი და აღფრთოვანებას თავისიანით, მაგრამ წიგნი მაინც კარგია.

აი, ნაწყვეტი:

გზაში ტალის საყვარელი გასართობი იყო “ამერიკული საოცრების” – ბობი ფიშერის აბუჩად აგდება. ტემპერამენტიან და სიცოცხლისმოყვარე ტალს ძალიან უყვარს ჭადრაკი, მაგრამ ამავე დროს ძალიან აინტერესებს ლიტერატურა, მუსიკა, კინო და ბევრი სხვა რამ. ამიტომ მას აღიზიანებდა ჩუმი, პირქუში, თუმც ძალიან ნიჭიერი ყმაწვილი, რომელსაც ჭადრაკის მეტი არაფერი ახსოვდა.

– ერთი მითხარი, ბობ – ეკითხება ტალი – რომელია რუმინეთის დედაქალაქი?

– რუმინეთის? – გულწრფელად უკვირდა ფიშერს – სად არის რუმინეთი? შორსაა ინგლისიდან?

– ისე – სარკაზმულად იღიმებოდა ტალი – ამერიკელი მწერლებიდან ვინ უფრო გიყვარს?

– მწერლებიდან? აი, უოლესი და… სხვა მრავალი.

ტალი ხარხარებდა, იცინოდნენ ამ სცენის მომსწრენიც. ფიშერი კი, კმაყოფილი იმით, რომ თავიდან მოიშორა ეს მავნე სული, ისევ თავის მელანქოლიაში იძირებოდა”.

მაგრამ სწორედ იმ ფიშერმა, რომელმაც რუმინეთის დედაქალაქი არ იცოდა, ტალი, ფაქტობრივად, ლიდერი გახადა. მესამე წრეში პატარა ამერიკელი ერთხელაც შეხვდა კერესს და ერთხელაც წაართვა ქულა. ტალი სმისლოვს ზავით დაშორდა და ქულებით კერესს გაუთანაბრდა, შემდეგ კი ფიშერს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ მესამედაც მოუგო. ბობი გაცოფებული გახლდათ და კბილების კრაჭუნით ელოდა ბოლო წრეს, მაგრამ იქამდე მთელი ამბები მოხდა.

მესამე წრეში ტალმა უაღრესად აიწყვიტა, პარტიას პარტიაზე იგებდა და დაზაფრული პალ ბენკო მასთან სათამაშოდ შავი სათვალით მივიდა: ეგ კაცი ჰიპნოზს მიკეთებსო. პასუხად ტალმა ჯიბიდან პეტროსიანის უშველებელი სათვალე ამოიღო და თვითონაც გაიკეთა, მერე კი, რომ ნახა, ხალხმა სიცილით გული იჯერაო, მოიხსნა. ბენკო კი ბოლომდე თვალებდაბურული იჯდა, მაგრამ რაღა ბოლომდე, 20 სვლის შემდეგ მის თამაშს აზრი დაეკარგა.

მეოთხე წრე ბელგრადში შედგა. როცა ტალმა სმისლოვს მოუგო, კერესს უკვე 2,5 ქულით უსწრებდა და ვერავინ ახსნის, რატომ ითამაშა მასთან მოგებაზე. ასე იყო თუ ისე, ტალმა წააგო და ტურნირის ინტრიგამ იმატა. შემდეგი ფიშერი იყო, ტალზე დაბოღმილი და კბილებალესილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ. პარტიის წინ ტალთან პეტროსიანი მივიდა და თითქმის ეხვეწა, კაროკანის დაცვა ითამაშე, ბოლოსწინა ტურია და ყაიმი ყელამდე გყოფნისო, მაგრამ… შეაყარე კედელს ცერცვი! ისევ სიცილიური დაცვა, ოღონდ ამჯერად ფიშერის დომინირებით. ამერიკელმა გვარიანად მიუნგრია შავებს პოზიცია და დიდი უპირატესობა მიიღო. ახლა მას ეტლით სწორი სვლა უნდა ეპოვა და მოგებაც შორს არ იყო. კვლავ ნაწყვეტი წიგნიდან “მეშვიდე რიდე”:

“ამ დრამატულ მომენტში ტალი სცენაზე დასეირნობდა. გარეგნულად მშვიდი, რა თქმა უნდა, ღელავდა – საკმარისი იყო, ფიშერს სწორი გადაწყვეტილება მოეძებნა და მდგომარეობა თითქმის გამოუვალი ხდებოდა.

უცებ ტალმა შენიშნა, რომ ფიშერმა სვლა ჩაიწერა და რაღაც გაუგებარი სიჯიუტით აჩეჩებს მას ბლანკს. იგი აშკარად ცდილობდა, ტალს ჩანაწერისთვის დაეხედა: რას უნდა ნიშნავდეს ეს? ტალმა ბლანკს დახედა და დაინახა სწორედ ის სვლა, რომლისაც ეშინოდა.

და იმწამსვე მიხვდა, რომ ფიშერი სცდიდა მას, უნდოდა, ტალის რეაქციით შეემოწმებინა, სწორი იყო თუ არა სვლა, რომლის გაკეთებასაც აპირებდა.

რა ქნას, მოიღუშოს? ეს ხომ უფრო დაარწმუნებს ფიშერს ჩანაფიქრის სისწორეში? გაიღიმოს? იქნებ ამერიკელი მიუხვდეს მანევრს? არა, სულ სხვაგვარად უნდა მოიქცეს. როცა ფიშერი პირდაპირ შეაცქერდა თვალებში, ტალმა გაქვავებული სახით, თითქოს არაფერი მომხდარაო, ბოლთის ცემა განაგრძო. შემცბარი ფიშერი… მახეში გაება.

მხოლოდ მაშინ, როცა ფიშერმა, ბოლოს და ბოლოს, სვლა გააკეთა, ტალმა გაიღიმა და უნდა ითქვას, ღიმილი გულწრფელი იყო – ფიშერმა იფიქრა, ჩემი გეგმა მცდარიაო და სხვა ფიგურით ითამაშა. ბიჭუნამ სხვა სათამაშო აირჩია”.

ტალმა მოიგო ის პარტიაც და პრეტენდენტი გახდა. ეს იყო ერთადერთი 0:4 ფიშერის ცხოვრებაში. შემდეგ ისინი თავ-თავიანთ გზაზე წავიდნენ. ტალს რამდენიმე თვეში ტრიუმფი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის საჩქაროდ დაკარგვა და ძველებურად მხიარული ცხოვრება ელოდა, რომელშიც ჭადრაკი მხოლოდ ნაწილი გახლდათ, ფიშერს კი – ჩემპიონობისკენ სვლის 12 წელიწადი. მან შეირგო ტალის ალიყურები, გაკვეთილებივით დაიზეპირა ისინი და ჩვენგან ვრცლად აღწერილი პარტია ბოლო იყო: მას შემდეგ ფიშერს ტალთან არ წაუგია.

ღვინო, დუდუკი, ქალები – ტალმა რაც იცხოვრა, მხიარულად იცხოვრა
ფიშერი 1972 წელს, ხანმოკლე მსოფლიო ჩემპიონობისას
წილი
წინა სტატიაბრწყინვალე სალომე !
შემდეგი სტატიაინგლისური გუნდები არ ვარგა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია