„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა.

აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.”

ანდა: „გთხოვთ, გემუდარებით, ხვალ დილით დამხვდეს ცნობა, რომ მოურინიუ გაუშვეს”.

კიდევ: „მოურინუ ლუის ვან გაალისა და დევიდ მოიესის ნაზავია”.

ბენ იედერის ზეიმი

გაგრძელებას აზრი არ აქვს. სოციალური ქსელები ამ ტიპის კომენტარებით გადაივსო. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მანჩესტერელ ფანებს დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს მათმა ფეხბურთელებმა უგულოდ, უყურადღებოდ, ძილ-ღვიძილში ითამაშეს. ასე იყო პირველი მატჩის მერეც, როდესაც პორტუგალიელმა გუნდს თამაშის ფრედ ჩამთავრების დავალება მისცა, არადა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს სხვა ამბიცია აქვთ.

ისევ ვერ ივარგეს ალექსის სანჩესმა და პოლ პოგბამ. რომელუ ლუკაკუმ მართალია გოლი შეაგდო, მაგრამ მანამდე ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ესპანური გუნდის შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ვისამ ბენ იედერმა კი მასპინძლებს ორჯერ გაუტანა და 1957-58 წლების სეზონის შემდეგ სევილიელები პირველად გაიყვანა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში.

თავად ჟოზე მოურინიუს შეფასება ასეთი გახლდათ: „ჩვენ ვცადეთ პირველივე წუთიდან აგრესიულები ვყოფილიყავით და ინტენსურად გვეთამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რის შემდეგაც, თანდათანობით, შეხვედრის სადავეები მოწინააღმდეგემ იგდო ხელთ. მათ თამაში კარგად გააკონტროლეს. როდესაც გოლი გაგვიტანეს მატჩი ემოციური გახდა, მეორე გოლმა კი ჩვენთვის ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელი გახადა.

ჩვენც გვქონდა კარგი ეპიზოდები, თუმცა მოვლენათა კონტროლი ვერ შევძელით. ერთს კი დაბეჯითებით გეტყვით: ჩემი ფეხბურთელებისთვის უგულობა არ შემიმჩნევია”.