10 მარტს ბერლინში ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც ნოემბერში, ლონდონში, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდება და ტიტულის წართმევას დაუპირებს.

შეჯიბრში 8 დიდოსტატი მონაწილეობს: ამერიკის სახელით ფაბიანო კარუანა და უესლი სო, რუსები სერგეი კარიაკინი, ვლადიმირ კრამნიკი და ალექსანდრ გრიშჩუკი, სომეხი ლევონ არონიანი, აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი და ჩინელი დინ ლიჟენი.
საინტერესოა, ვინ რა დამსახურებით მოხვდა ამ საპატიო სიაში და ვის რა შანსი აქვს. არონიანმა საგზური შარშან, სექტემბერში, თბილისში ფიდეს მსოფლიოს თასის მოგებით მოიპოვა და სპეციალისტთა აზრით მთავარი ფავორიტია. მის გამარჯვებაზე ბუქმეკერები 4-იან კოეფიციენტს წერენ. ფიდემ არც თასის ფინალში დამარცხებული ლირენი დაივიწყა, რომელიც ტურნირზე რეიტინგით ბოლოწინაა და ტოტალიზატორებიც მხოლოდ 12 “კუშით” აფასებენ. კარიაკინმა, მოგეხსენებათ, 2016 წელს, პრეტენდენტთა წინა გათამაშება მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კარლსენსაც დაუპირისპირდა, თუმც დაძაბულ ბრძოლაში ტაი-ბრეიკი წააგო და წელს თავიდან სინჯავს ძალებს (კოეფიციენტი – 6). ფავორიტთა ცხრილის შუაშია ფიდეს გრან-პრის გამარჯვებული მამედიაროვიც (7), ხოლო იმავე ტურნირის მეორეადგილოსანი გრიშჩუკი პროგნოზით რატომღაც აუტსაიდერებში გადაუსვრიათ (12).

იტალიური ფესვების მქონე კარუანას შანსები ტოტალიზატორში 5,5 ერთეული ღირს, ხოლო წარმოშობით ფილიპინელ სოსი – 7-ით. მონაწილეთა შორის, გრან-პრის და მსოფლიოს თასის ტურნირებზე მათ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ და კანდიდატთა საგზურიც ამით დაიმსახურეს.

გამოცდილებით ყველას კრამნიკი ჯაბნის, რომელიც ტურნირზე “ველური ბარათით”, იგივე გრინქარდით მოხვდა. რუსმა სხვადასხვა ვერსიით უკვე ორჯერ მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონობა და ბერლინშიც, ფავორიტებს შორის, 5,75 სატოტალიზატორე ერთეულით მესამე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 420 ათასი ევროა და მოგებული 95 ათასს მიიღებს.

ორწრიანი ანუ 14-პარტიანი ტურნირის პირველი ორი რაუნდი ოდნავ ქაოტური გამოდგა. რიგ შემთხვევებში პირველი ტურის გმირები მეორეში ანტიგმირებად გარდაისახნენ და პირიქით. აღნიშნულ მდგომარეობას ყველაზე მომეტებული იუმორით ალექსანდრ გრიშჩუკმა შეხედა უესლი სოსთან მეორე ტურში მოგებული პარტიის შემდეგ.

“ყველა ჩემი ფიგურა შავ მეფეს უტევდა – თქვა რუსმა პრესკონფერენციაზე – მას კი ცალი კუ იცავდა და თქვენ გინდათ დაუშვათ, რომ პარტია იქნებ ვერ მომეგო? სულ წავიდოდი ჭადრაკიდან..”.

“ხომ ღელავდით მაინც? – ჰკითხა მავანმა კირკიტა ჟურნალისტმა – ცაიტნოტშიც მოხვდით და ზოგი სვლის გასაკეთებლად წამებიღა გრჩებოდათ.”

“ცაიტნოტში რომ ღელავ, ამაში გასაკვირი არაფერია – დაუბრუნა გრიშჩუკმა – მაგრამ არის მომენტები, როცა საერთოდ არ ვღელავ. მაგალითად, გუშინ”.

პუბლიკამ გაიცინა – გრიშჩუკმა პირველ ტურში ისე უსიტყვოდ წააგო კრამნიკთან, მართლაც რა ჰქონდა სანერვიულო.

ხოლო კრამნიკი მეორე ტურში ისევ თანამამემამულის პირისპირ დასვეს და მასთან დუელში ალექსანდრ კარიაკინმა, იქნებ მასპინძელთა ხათრით, ესპანური პარტიის ბერლინის ვარიანტი გაითამაშა. მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კარგახანს ეცადა, იქნებ შავი მეფე როგორმე დაფის კიდეს მივასრისოო, მაგრამ კარიაკინის ზუსტმა თამაშმა რუსები ზავით განაშორა ერთმანეთს.

სატურნირო ვითარება 2 ტურის შემდეგ:

1-3. კარუანა (აშშ), კრამნიკი (რუსეთი), მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 1,5; 4-6. არონიანი (სომხეთი), გრიშჩუკი (რუსეთი), ლიჟენი (ჩინეთი) – 1; 7. კარიაკინი (რუსეთი) – 0,5; 8. სო (აშშ) – 0.

ამ ხალხს ჯერ ერთურთის და შემდეგ მაგნუს კარლსენის სისხლი სწყურია
წილი
წინა სტატიაეი, ვანია…
შემდეგი სტატიამისტერ ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.