ასე გაუტანა ტორპედოელმა გიორგი კუხიანიძემ რუსთავს მატჩში ერთადერთი გოლი

ეროვნული ლიგის მეორე ტურს გოლიანობით  არ გავუნებივრებივართ. გუნდებმა ერთმანეთს 14-ჯერ გაუტანეს. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 22-ს  უდრიდა. თუმცა, საწუწუნო მაინც არ გვაქვს – უარესიც გვინახავს.

სტუმართმოყვარე ტური გამოდგა – ხუთი შეხვედრიდან ოთხში  სტუმრებმა გაიმარჯვეს და ერთიც  ფრედ დამთავრდა.

„საბურთალომ“ მეორე თამაშიც მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. არადა, თავიდან ორივე მატჩს აგებდა.  სეზონის წინ საბურთალოელთა ლიდერი და კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის „გიოტებორგში“ წავიდა და გაჩნდა საშიშროება, რომ უმისოდ ჭიაბრიშვილის ბიჭებს გაუჭირდებოდათ – გიორგი ხომ გუნდის სული და გული იყო. მაგრამ სტარტი ჩინებული გამოუვიდათ. ვნახოთ, ჯერ ადრეა რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ ცხადია, რომ ისინი არავის არაფერს დაუთმობენ და ვინძლო ევროსაგზურსაც გამოჰკრან ხელი.

თბილისელებმა „კოლხეთი“ 4:1 დაამარცხეს. ეს ფოთელთა მეორე დიდი ანგარიშით წაგება გახლდათ.  სასტარტო ორ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვეს და თუ მათმა გამოცდილმა მწვრთნელმა, კონსტანტინ გალკინმა სასწრაფოდ რაიმე არ იღონა, შარშან გავარდნას ძლივს გადარჩენილი ზღვისპირელები, წლეულს ნამდვილად დაემშვიდობებიან ელიტას. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს.

საინტერესო იყო ჩემპიონი „ტორპედოსა“ და ამბიციური დებიუტანტის „რუსთავის“ შეხვედრა ქარიან „დავით პეტრიაშვილზე.“ წინა ტურში ქუთაისელებმა მოულოდნელად წააგეს შინ გორის „დილასთან“ (2:3), რუსთაველებმა კი სტუმრად სენსაციურად სძლიეს  თბილისის „დინამოს“ (2:1). ცხადია, კახა ჩხეტიანის გუნდი მეორედ ქულების დაკარგვას ვეღარ შეეგუებოდა და ასეც მოხდა. სტუმარმა ქუთაისელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდნენ შინ. თუმცა ერთადერთი გოლი დასაწყისშივე ცოტა კურიოზულად გავიდა: გრიგოლ დოლიძის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გამოცდილმა მეკარე ნუკრი რევიშვილმა ხელებში ვერ დაიმორჩილა, გაუვარდა და იქვე მყოფმა გიორგი კუხიანიძემ ყველას დაასწრო 1:0. ასე გაიმარჯვა ჩემპიონმა პირველად ახალ სეზონში.

ოთარ კიტეიშვილმა ლოკომოტივთან კარიერის მეორე დუბლი მიითვალა

პირველი 3 ქულა მოიპოვა ვიცე-ჩემპიონმა თბილისის „დინამომაც.“ „ლოკომოტივთან“ თბილისური დერბი საიუბილეო, მე-900 მატჩი გამოდგა დინამოელთათვის ეროვნულ ჩემპიონატებში.

კაჭარავს შეგირდები თავიდან აგებდნენ. ანგარიში მასპინძელთა ახალწვეულმა, თეიმურაზ შონიამ გახსნა. სტუმრები კი ნელ-ნელა უმატებდნენ და ტაიმის ბოლოს  ინიციატივა სრულად  ჩაიგდეს ხელში. ასე გაგრძელდა შეხვედრის ბოლომდე. ოთხიდან ორი დინამოელთა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. ეს მეორე დუბლი გახლდათ მის კარიერაში. პირველად ასეთი რამ  მან  2015 წლის  ნოემბერში მოახერხა „ჩიხურას“ წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ „ლოკომოტივი“ და „დინამო“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში  შარშანაც ზუსტად 11 მარტს შეხვდნენ და მაშინ რკინიგზელებმა, ამჟამად გორის „დილაში“ მოთამაშე ნოდარ ქავთარაძის გოლით იმარჯვეს.

ტური კი სწორედ გორში დაიწყო, სადაც „დილამ“ „ჩიხურა“ მიიღო. ანგარიში სტუმარმა გიორგი გაბედავამ გახსნა, თუმცა გორელებმა ნოდარ ქავთარაძის გატანილით მალევე გაათანაბრეს და წინა ტურში მოგებულმა გუნდებმა ამჯერად ქულები გაიყვეს.

ამჯერად ლეგიონერებს გოლები არ გაუტანიათ, ისინი სხვა მხრივ გამოირჩნენ. „სამტრედია“ – „სიონის“ მატჩის წინ, იმერელთა კოტ დივუარელ შემტევს, ინტერს გის წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზი გადაეცა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ასევე სამტრედიელთა ნიგერიელმა მიკელ ოლაიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. რამდენ ხანს მოუწევს უქმობა 25 წლის ოლაიტანს, ჯერ უცნობია.

„სამტრედიამ“ კი მოულოდნელად წააგო „სიონთან“.  ბოლნისელთა კაპიტნის, ჯაბა დვალის მიერ 48-ე  წუთზე ახლოდან გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. მერე სამტრედიელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. პენალტიც კი დუნიშნეს, მაგრამ მათმა აყლაყუდა ჩერნოგორიელმა, ივან ფატიჩმა (190 სმ) ძალიან სუსტად დაარტყა და მიხეილ მუჯრიშვილს აღება არ გასჭირვებია.

ეს გახლდათ პირველი გაცუდებული პენალტი წლევანდელ სეზონში.

2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი ინტერს გი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა

II ტური. დილა 1:1 ჩიხურა, კოლხეთი 1:4 საბურთალო, რუსთავი 0:1 ტორპედო, ლოკომოტივი 1:4 დინამო, სამტრედია 0:1 სიონი

  1. საბურთალო    2          2          0          0          7:2       6
  2. ჩიხურა          2          1          1          0          7:2       4
  3. დილა            2          1          1          0          4:3       4
  4. დინამო          2          1          0          1          5:3       3
  5. ტორპედო       2          1          0          1          3:3       3
  6. რუსთავი        2          1          0          1          2:2       3
  7. სამტრედია      2          1          0          1          2:2       3
  8. სიონი             2         1          0          1          2:3       3
  9. ლოკომოტივი  2          0          0          2          2:6       0
  10. კოლხეთი        2          0          0          2          2:10     0

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 4, ლაშა გოგონაია (კოლხეთი) -2, გრიგოლ დოლიძე (ტორპედო) – 2, თეიმურაზ შონია (ლოკომოტივი) – 2, დავით ვოლკოვი (საბურთალო) – 2, გიორგი ფანცულაია (დილა ) – 2, ოთარ კიტეიშვილი (დიანამო) – 2

III ტური.

პარასკევი. 16 მარტი: დინამო – სამტრედია, ტორპედო – ლოკომოტივი

შაბათი. 17 მარტი: ჩიხურა – რუსთავი

კვირა. 18 მარტი: სიონი – კოლხეთი, საბურთალო – დილა

წილი
წინა სტატიაარტურ მეპასე ბარსელონელი
შემდეგი სტატიაეი, ვანია…
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.