ბადრი კეთილაძის ფოტო

დიდი ფეხბურთელი იყო, სხვათაგან გამორჩეული, ხასიათითაც თავისებური. ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, 20 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა.

თანაგუნდელთა უმეტესობას ათვალწუნებული ჰყავდა, არა თამაშის გამო, სხვა მიზეზით… მის ცოლზე ამბობდნენ, პრეტენზიულიაო… მის გარშემო ათასი ჭორი დადიოდა. უტეხი იყო, თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი ჰქონდა.

კარიერა 1978 წელს დაიწყო სახელოვან „კიოლნში“. თითქმის ოცი წელი ითამაშა, ნაკრების მაისურა კი სულ 21-ჯერ მოირგო, ბოლოს 1984 წელს. თავად განსაჯეთ, დიეგო მარადონას, გარი ლინეკერის, ალან სიმონსენის, უგო სანჩესის, ემილიო ბუტრაგენიოს და სხვა ბევრი ვარსკვლავის მხარდამხარ თამაშობდა. ცხადია, გერმანელების ჩაუთვლელად.

სამწუხაროდ, ამ ფეხბურთელის ზენიტი ჩვენში გაგანია კომუნისტურ მმართველობას დაემთხვა. სად იყო მაშინ ამდენი  სატელევიზიო არხი. ცენტრალური ტელევიზია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს თუ გვიჩვენებდა, საკლუბო ტურნირების მატჩებს კი მხოლოდ საბჭოთა გუნდების მონაწილეობით. იშვიათად, უცხოელთა თამაში გვეხილა. სწორედ ეს „იშვიათად“ გვაძლევდა საშუალებას, ამ ფეხბურთელის ოსტატობაში დავრწმუნებულიყავით. 1980 წელს, როცა ევროპის ჩემპიონი გახდა და ამ ქერა ჭაბუკმა გაიბრწყინა, ჩვენ ტელევიზორებთან ვისხედით და „ვრემიაში“ ნაჩვენები გოლებით გვაკმაყოფილებდნენ. 1982, 84, 86 წლების ჩემპიონატებზე კი, ისევ და ისევ ხასიათის გამო არ უთამაშია.

ეს კაცი ბერნდ შუსტერი გახლავთ.

მაღალი რომ მახსოვს, შედარებით მოსუქებულა, თმებიც ოდნავ დაუმოკლებია, თუმცა იერი არ შესცვლია, კვლავ კლასიკური, გერმანელი — აი, ასეთი იყო ბერნდ შუსტერი, როცა ამას წინათ თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შევხვდი. პირადი, ისიც ულვაშა, ხოტორა და კიკინიანი მცველი არ შორდებოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან დაჰყვებოდა.

უჟმური მეგონა, ქედმაღალი… სხვანაირი ყოფილა — გულღია, თავაზიანი…

— ინტერვიუ?

— დიახ, ჟურნალ „სარბიელისთვის”.

შუსტერი შეყოვნდა, გაიღიმა, ცოტა ჩაფიქრდა. პაუზა…

— სიამოვნებით. აქ დავსხდეთ.

— …

— ერთი წუთით, უკაცრავად.

გერმანელი შეტრიალდა. მცველი მიუახლოვდა, თავი დაუკრა და გაშეშდა. დაახლოებით ნახევარი საათი იქვე იდგა, ვიდრე შუსტერმა არ ანიშნა, წავედითო.

— დავიწყოთ?

— დავიწყოთ… ფეხბურთს დაახლოებით ოცი წელი თამაშობდით — ჯერ „კიოლნი“ იყო…

— არა, თავიდან ქალაქ აუგსბურგის გუნდი.

— ეგ, მგონი, ბავშვობაში.

— ჰო, მაგრამ თამაში იქ დავიწყე.

— კეთილი. ჯერ აუგსბურგი, მერე „კიოლნი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბაიერი“, გფრ-ს ნაკრები. გული რაზე გწყდებათ? რა გსურდათ და ვერ შეძელით?

— მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვნატრობდი. სამწუხაროდ, არ გამომივიდა, თუმც იმედი კი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ადრე თუ გვიან მაინც ვიქნები. ახლა მე მწვრთნელი ვარ, ჯერჯერობით უმუშევარი, მაგრამ უახლოეს მომავალში რომელიმე გუნდს აუცილებლად გავწვრთნი, მერე ალბათ ღმერთიც გადმომხედავს და გერმანიის ნაკრებს ჩამაბარებენ. ყოველ შემთხვევაში, ამისი დიდი სურვილი მაქვს. სხვა, ვფიქრობ, არაფერი დამკლებია, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდი ძალიან ძლიერ კლუბებში. ჩემი თანაგუნდელები მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ. ხალხს სიამოვნებდა ჩვენი თამაშის ხილვა.

— ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ?

— ევროპის ჩემპიონობა, თუმც ღრუბლებში არ მიფრენია.

— მაშინ თქვენ მხოლოდ 20 წლის იყავით. არ გაგჭირვებიათ?

— ოცისა კი ვიყავი, მაგრამ გამოცდილება მქონდა. ევროპის პირველბამდე ორი წელი „კიოლნში“ ვთამაშობდი, გერმანიის ჩემპიონები გავხდით და თასიც მოვიპოვეთ. წარმოიდგინეთ ბუნდესლიგის ჩემპიონი როგორი გუნდი იქნებოდა. ნაკრებში პირველად 1979 წელს მიმიწვიეს. რამდენიმე მატჩი ჩავატარე და მერე დაიწყო ევროპის პირველობა. პარტნიორებთან უკვე შეთამაშებული ვიყავი.

ბარსელონას დიდი სამეული: დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი, ბერნდ შუსტერი

— 1979 წელი კარგად გახსოვთ?

— ისე რა.

— აქ, თბილისში, საბჭოთა კავშირის ნაკრები რომ დაამარცხეთ, არ გახსოვთ?

— თბილისში? საბჭოთა კავშირის ნაკრებს ვეთამაშეთ?

— დიახ.

შუსტერმა მხრები აიჩეჩა, თავი ასწია, ხელები შეათამაშა, იდაყვი მაგიდაზე ჩამოდო, თითი საფეთქელთან, შემომხედა.

— ვერ იხსენებთ?

— სამწუხაროდ. ესე იგი, თბილისში მეორედ ვარ? საბჭოთა ნკრებს 1979 წელს მართლაც ვეთამაშეთ, მაგრამ… ძალიან კარგი სასტუმროა. „შერატონი“, არა?

— „შერატონ მეტეხი“.

— მოხერხებული და მყუდროა.

— 1980 წლის ევროპის ჩემპიონატი არ დაგვიწყებიათ?

— რა დამავიწყებს. პირველ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ მწვრთნელმა არ მათამაშა, თუმცა მისი კარგად მესმოდა, ახალგაზრდა ვიყავი და პირველ მატჩში გამოცდილებს ენდო. ჩვენებმა ცუდად ითამაშეს და 1:0 გაჭირვებით მოვიგეთ. გოლი რუმენიგემ გაიტანა მეორე ტაიმში. მეორე მატჩი ჰოლანდიასთან გვქონდა. იუპ დერვალმა წინა დღით მითხრა, ძირითადში იქნებიო. შანსი მომცა და უნდა გამომეყენებინა. ძალიან მოვინდომე, გუნდმაც ჩინებულად ითამაშა. ბოლო წუთებამდე 3:0-ს ვიგებდით, მერე ცოტა მოვდუნდით და ორი გოლი გავუშვით. მაშინ ისე მოხდა, რომ სამივე გოლი კლაუს ალოფსმა გაიტანა, სამივე ჩემი პასით. იმის მერე ნაკრების საქმე კარგად წავიდა. მე კი ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი, თუმცა მომდევნო მატჩამდე ვარჯიშზე ფეხი ვიტკინე და ბერძნებთან იძულებით დავისვენე. სამაგიეროდ, ფინალში, ბელგიის წინააღმდეგ 90 წუთი ვითამაშე…

— პირველი გოლიც თქვენ გააკეთეთ.

— ჰო, ჰრუბეშმა გაიტანა. იმ წელს მართლაც ბრწყინვალე გუნდი გვყავდა. შუმახერი, ფიორსტერები, კალცი, ჰრუბეში, რუმენიგე, კულმანი, შტილიკე, ალოფსი… მწვრთნელი იუპ დერვალი.

— შუსტერი რატომ არ ახსენეთ?

— შუსტერი? საკუთარ თავზე ხომ არ ვიტყვი… თქვენ თქვით.

— ჩვენ ათასჯერ გვაქვს ნათქვამი — ძალიან ძლიერი გამთამაშებელი იყავით.

— სასიამოვნოა ამის მოსმენა.

­— „ბარსელონაში“ გატარებული რვა წელიც ამის დასტურია. ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წახვედით. „კიოლნი“ რატომ მიატოვეთ?

— 78-ში გერმანიის ჩემპიონები რომ გავხდით, მერე გუნდში რატომღაც ვითარება შეიცვალა. ყველაფერი აირია. „კიოლნი“ დასუსტდა. მე კი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ, რომშივე, „ბარსელონას“ წარმომადგენლები შემხვდნენ და მათთან გადასვლა შემომთავაზეს. პირობებიც ჩინებული მითხრეს. მეც ავდექი და გავეცალე „კიოლნს“.

წავედი ბარსელონაში. არც ენა ვიცოდი, არც იქაურების მენტალიტეტი, თუმცა არ გამჭირვებია. ჩემი ენა ვიცოდი, ფეხბურთის ენა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია, ამ ენაზე ყველა ყველაფერს ხვდება. ჩინებულად შევეწყვე თანაგუნდელებს, ქომაგების პატივისცემა, სიყვარული დავიმსახურე. ვთამაშობდი და ხალხს სიამოვნებდა. პარტნიორებს არ იკითხავთ? მარადონა, კრანკლი, სიმონსენი, ლინეკერი, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მათთან მოედნის მიღმაც სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა.

— ახლაც?

— რა თქმა უნდა.

— მარადონას ხვდებით?

— რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ვესაუბრე, კუბაშია. მარადონა ჩემი მეგობარია, ახლობელი, კარგად ვიცი ვინც და რაც არის. როგორი ფეხბურთელიც იყო, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, ყველა დროის საუკეთესო სწორედ ის მგონია. მას დიდ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი კაცია. კი, მართალია, თავისებურია, მაგრამ არც ისეთი ჭირვეულია, როგორც ხატავენ.

— თქვენი საუკეთესო პარტნიორი ის იყო?

— ერთ-ერთი. სადაც კი მითამაშია, ყველგან მყავდა ისეთი თანაგუნდელი, ვის გვერდითაც მოედანზე ყოფნა მსიამოვნებდა. „ბარსელონაში” მარადონა ხომ იყო და იყო, მის გარდა სიმონსენთან და ლინეკერთან მიადვილდებოდა თამაში, „რეალში“ ბუტრაგენიოსი და უგო სანჩესის მესმოდა ჩინებულად, „ატლეტიკოში“ ფუტრეს ვუგებდი სხვებზე მეტად, ეროვნულ ნაკრებში რუმენიგეს, ფიშერს, ალოფსსა და ჰრუბეშს. მე პასებს ვაკეთებდი, მათ გოლები გაჰქონდათ. კარგია, როცა გვერდით ასეთი ფეხბურთელები გიდგანან. ისე, მგონი, მათთვის მე ვიყავი სხვებზე უკეთესი პარტნიორი.

შუსტერმა გაიღიმა, ულვაში ხელით შეისწორა, გავიხუმრე რა თქვა უნდაო, ჩაილაპარაკა, მერე პირად მცველს გახედა. არანაირი პრობლემაო, ანიშნა ბოდიგარდმა.

— გავაგრძელოთ.

— „ბარსელონა“ რატომღა დატოვეთ? თანაც „რეალში“, მის მოქიშპე გუნდში გადახვედით. რა მოხდა ასეთი?

— ხდიდი არაფერი. „ბარსელონაში“ თავს კარგად ვგრძნობდი, ბედნიერების წუთებიც მქონდა, მაგრამ პრობლემებიც საკმაოდ. ყველაზე ცუდად 1986 წელი მაგონდება. მაშინ ჩემპიონთა თასის ფინალში „პორტუსთან“ დავმარცხდით და „ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა სხვებთან ერთად წაგებაში მეც დამადანაშაულეს. ამან ისე გამანაწყენა, შემდეგი სეზონი „ბარსელონაში“ საერთოდ აღარ მითამაშია. მერე გუნდს კი დავუბრნდი, მაგრამ ცოტა ხნით. ამ დროს უამრავი წინადადება მივიღე. სხვადასხვა კლუბებისაგან. განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობდნენ. მართალია „ბარსელონაც“ მთავაზობდა კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ მაინც, მადრიდში, „რეალში“ გადავბარგდი. ამ არჩევანზე ოჯახსაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. შვილები შეგუებულები იყვნენ ესპანეთს, იქაური ცხოვრების წესს.

— კატალონიელი ქომაგებისგან ამას როგორი რეაქცია მოჰყვა?

— ჩვეულებრივი. ჩემთვის არაფერი უგრძნობინებიათ.

— ბარსელონასთან და მადრიდთან ახლაც გაქვთ კავშირი?

— კი, ესპანეთში ხშირად ჩავდივარ. იქ ბევრი მეგობარი ცხოვრობს. ბარსელონაში სახლიც მაქვს.

— „თეთრი ანგელოზი“ — ჟურნალისტები ასე მოგიხსენიებბენ. მხოლოდ გარეგნობის გამო?

— ალბათ. მე ხომ ქერა ვარ, თანაც გრძელი თმა მქონდა და ეს უფრო თვალშისაცემი იყო. „ანგელოზი“ კი… რა ვიცი, თავად განსაჯეთ, ვიყავი თუ არა „ანგელოზი“.

— მარადონაზე თქვით თავისებურიაო. თქვენს მძიმე ხასიათზეც ბევრს ლაპარაკობდნენ. ასეა?

— რა გითხრათ? შეიძლება ასეც არის.

— გერმანიის ნაკრებში სულ 21-ჯერ ითამაშეთ. რისი ბრალია?

— ხასიათის. კაცს რამდენჯერმე რომ მოგიწვევენ, გავარჯიშებენ, რამდენიმე დღე შეკრებაზე ჰყავხართ და მერე არ გათამაშებენ, გაგიფუჭდება ხასიათი, აბა რა იქნება. ბოლოს თავად ვიუარე ეროვნული გუნდი. თამაშის სურვილი დამიკარგეს. აბა, ჩემს ტყუილად გამოძახებას რა აზრი ჰქონდა? 1983 წელს ნაკრებს კი დავუბრუნდი, მერე უკვე ტრავმებმა შემაწუხა, იმ წელს სულ ოთხჯერ ვითამაშე. ამის გამო საფრანგეთის 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიც გამოვტოვე.

— იმასაც ამბობდნენ, ნაკრებში, თანაგუნდელთა უმეტესობასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდაო. განსაკუთრებით პოლ ბრაიტნერთანო.

— ყველაფერი გაზვიადებულია. რაღაც პრობლემები მართლაც იყო, მაგრამ ისეთი არაფერი, როგორც გაბერეს. იცით რას გეტყვით, მე რომ გერმანია 20 წლისამ დავტოვე და „ბარსელონაში“ წავედი, თქვენს გერმანელ კოლეგებს ეს არ ესიამოვნათ და მილიონი სისულელე მოიგონეს. პრესა ჩემდამი უარყოფითად იყო განწყობილი და საზოგადოებრივი აზრიც ასეთივე შექმნეს. ესპანეთში ჩემი კარგი თამაში არ მოსწონდათ. ბრაიტნერთან კი ერთხელ პატარა კონფლიქტი მგონდა, ეს გაიგეს და გრძელი კუდი გამოაბეს. აქაოდა ერთმანეთს თავ-პირი დაუმტვრიესო. ხალხსაც სჯეროდა. არადა… ახლა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა.

— ჟურნალისტებთან საქმეს აღარ იჭერთ?

— იშვიათად. ახლა ყველამ გაიგო, რომ არც ისე ცუდი ვარ, როგორიც 10-15 წლის წინ წარმოედგინათ.

— როგორც ფეხბურთელს რა ნაკლი გქონდათ?

— არაფერი…

ისევ გაიღიმა, ისევ პირად მცველს გახედა, ისევ ვიხუმრეო, გერმანელმა.

— ნაკლი? ალბათ ის, რომ დაცვაში ნაკლებსასარგებლო ვიყავი, თუმცა უკან დახევა ჩემი საქმე არ იყო. ამას ახლანდელი ფეხბურთის შემხედვარე ვამბობ, როცა თავდამსხმელიც კი მცველებს ეხმარება. ვფიქრობ, ყველაფერზე უკეთ პასი მეხერხებოდა. კიდევ, მოედანს კარგად ვხედავდი. მე მუდამ გამარჯვებისკენ ვიყავი შემართული. ნაკრების მაისურით თამაში არ წამიგია.

— ორჯერ.

— რა ორჯერ?

— ორჯერ წააგეთ.

— მართლა? ეტყობა კარგად აღარ მახსოვს. ისიც გამიკვირდა 21-ჯერ ითამაშე ნაკრებშიო, რომ მითხარით. მახსოვდა, რომ 22-ჯერ ვიყავი ეროვნული გუნდის წევრი. ალბათ ამერია.

— ეგ არაფერი. დღევანდელ ფეხბურთში ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო გამთამაშებლად?

— დღეს ნაღდი გამთამაშებლები, ისეთი როგორიც მე ვიყავი ან პლატინი იყო, აღარ არიან. გერმანიის მაშინდელი ნაკრების ძლიერებაც ეს გახლდათ — გუნდს გამთამაშებელი ჰყავდა. თითქოს ძალისმიერ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ არც ტექნიკური, ლამაზი ფეხბურთი დაგვეწუნებოდა.

— გერმანული ფეხბურთის კრიზისის მიზეზი რა არის? რას ამბობენ გერმანიაში?

— მართლაც ცუდი დრო დაგვიდგა. თაობა აღარ არის ისეთი, ადრე რომ იყო. გახსოვთ ჩვენი ფეხბურთელები? რაღა შორს წავიდეთ, კლინსმანი გაიხსენეთ, ფიოლერი, ბრემე, ბუხვალდი, მიოლერის საუკეთესო წლები… მათი შემცვლელები აღარ არიან. ამდენი ხანი პრობლემა არ გვქონია და ახლა მოგვაწვა ყველაფერი ერთად. სულ ბოსმანის კანონის ბრალია. ქვეყნის ჩემპიონატში იმდენი ლეგიონერია, რომ გერმანელი აღარ ჩანს. და განა ეს პრობლემა მარტო გერმანიაშია?  თითქმის ყველა ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში ამას ჩივიან. ასე თუ გაგრძელდა, ფეხბურთი უფრო გაუარესდება. ჩემს დროს სად იყო ამდენი ლეგიონერი?

— გერმანიას საუკეთესო ნაკრები რომელ წელს ჰყავდა?

— მიჭირს გამორჩევა, ყველა გუნდი რაღაცით გამოირჩებოდა. შიონის, დერვალის, ბეკენბაუერის ნაკრებები ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ. გერმანიის ნაკრები ყოველთვის ძლიერი იყო.

— ახლაც?

— ახლანდელი უწინდელზე სუსტია. ამის მიზეზი უკვე გითხარით.

-— და ერთსაც გკითხავთ. ყველა დროის საუკეთესო ნაკრები რომელია?

— პელეს დროინდელი ბრაზილია და… ალბათ, მაინც 1974 წლის გერმანია, მაშინ მწვრთნელი ჰელმუტ შიონი იყო. ამ გუნდებს ნაკლი არ ჰქონდათ.

— გმადლობთ.

— დავამთავრეთ?

— კიდევ გავაგრძელოთ?

— თბილისში მესამედ რომ ჩამოვალ, მერე.

შუსტერს ბოდიგარდი მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა. აბა, წავედიო, დაგვემშვიდობა და სახსოვრად ეს ავტოგრაფი და კეთილი სურვილები დაგვიტოვა.

 

სარბიელს, კეთილი სურვილებით.

ბერნდ შუსტერი

ჟურნალი სარბიელი, N 3, 2000.

წილი
წინა სტატიაარადა, თვალებში შენათება უნდოდათ!
შემდეგი სტატიარონალდო გერმანულ ფეხბურთზე
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.