„ტოტენჰემის” ნირწამხდარი ფანები

როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან.

ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე, რომელიც იტალიურმა კლუბმა 2:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამით მეოთხედფინალში გავიდა.

შჩესნი ჟესტიკულაციით არ დაკმაყოფილდა, როგორც კი ინტერნეტთან მივიდა, ინსტაგრამზე გასახდელში მოზეიმე იუვენტუსელების ფოტო დაპოსტა, რომელსაც მიაწერა: „ზეიმი ჩრდილო ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დიდებული გამარჯვების შემდეგ”.

შჩესნის ჟესტს და პოსტს გამოეხმაურა როგორც „სფურზის” ასევე „არსენალის” გულშემატკივართა ბანაკი. „მეთოფეების” ფანებმა პოლონელს ლეგენდა უწოდეს, ერთ-ერთმა კი დაწერა:

„შეიძლება ის „არსენალს” მოაშორეს, მაგრამ „არსენალი” მას ვერავინ მოაშორა”.